ევროკავშირში ციფრული სამოგზაურო პასპორტის შემოღება იგეგმება

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ციფრული სამოგზაურო პასპორტის გამოყენება იქნება უფასო და ნებაყოფლობითი, მას ნაკლები შეფერხებები მოჰყვება და მოქალაქეებს შესთავაზებს უფრო მარტივ და უსაფრთხო მოგზაურობას
ევროკომისიამ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ შენგენის ზონაში შემსვლელ თუ გამომსვლელ მოგზაურებს ყველა საჭირო ინფორმაციის შენახვა ახლა ციფრული ფორმატით შეეძლებათ.
საზღვრების უფრო მარტივად და სწრაფად კვეთის მიზნით, შესაძლებელი გახდება სმარტფონზე იმ ინფორმაციის გადატანა, რომელიც პასპორტისა თუ პირადობის მოწმობის ბარათის ჩიპზეა დატანილი.
„დღევანდელი შეთავაზება პასპორტებისა და პირადობის მოწმობების გაციფრულების შესახებ გზას უხსნის უფრო შეუფერხებელ და უსაფრთხო მოგზაურობას“, – განაცხადა ვერა ჟუროვამ, კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში.
კომისიაში აცხადებენ, რომ სამოგზაურო გეგმებისა და დოკუმენტების შესაბამის სამსახურებში წინასწარ წარდგენა შეამცირებს საზღვრის გადაკვეთის დროს, რაც მათ საშუალებას მისცემს, შეამოწმონ დოკუმენტები და ყურადღება გაამახვილონ უფრო მნიშვნელოვან შემთხვევებზე, როგორიცაა, მაგალითად, მიგრანტების უკანონოდ გადაყვანა.
გეგმები უნდა შეთანხმდეს ევროკავშირის საბჭოში, რომელიც წარმოადგენს წევრ ქვეყნებს, ისევე როგორც კანონმდებლებს ევროპარლამენტში. ამის პარალელურად ბლოკი აპირებს ახალი სისტემის შემოღებას, რათა შემოწმდეს შენგენის ზონაში შემსვლელთა და გამსვლელთა მონაცემები.
ახალი სისტემა ნოემბერში უნდა ამოქმედდეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ვადამ გადაიწიოს.
ეს კი ნიშნავს, რომ ევროკავშირის არა წევრი ქვეყნების მოგზაურებს შენგენის ზონაში შესასვლელად სხვა ტიპის შემოწმებას ჩაუტარებენ. შენგენი არის უპასპორტო ზონა, რომელიც მოიცავს თითქმის მთელ ევროკავშირს, ასევე ნორვეგიას, ისლანდიას, ლიხტენშტაინსა და შვეიცარიას, თუმცა მასში არ შედის ირლანდია და კვიპროსი.
კომისიის განცხადებით, ციფრული პასპორტის გამოყენება იქნება ნებაყოფლობითი და უფასო მოგზაურთათვის და ის შესაძლოა 2030 წლისთვის ამოქმედდეს.
წყარო: euronews georgia