ევროკავშირი განიხილავს წინადადებებს სანქციების რეჟიმის სამიდან ხუთ წლამდე გახანგრძლივების შესახებ, რაც ეხება რუსული აქტივების ბლოკირებას, რათა უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხის გამოყოფა გარანტირებული იყოს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი ვარიანტია აქტივების გაყინვის განახლებული ვადების 36 თვემდე გახანგრძლივება, განაცხადეს სააგენტოს თანამოსაუბრეებმა, რომლებიც მოლაპარაკებების მიმდინარეობას იცნობენ.
კიდევ ერთი წინადადება გაახანგრძლივებს აქტივების გაყინვას ყოველ ჯერზე ხუთი წლით. მესამე გეგმა ითვალისწინებს როგორც სექტორული სანქციების გაგრძელებას რუსეთის წინააღმდეგ, ასევე აქტივების გაყინვას 36 თვით.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები აქტივებზე სანქციების ვადის სამ წლამდე გახანგრძლივების ყველაზე განხორციელებად გეგმას განიხილავენ.
წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ უნგრეთს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა, პოზიცია არ დაუფიქსირებია.
აღნიშნულია, რომ ევროკომისიამ შესაძლოა 16 სექტემბერს გაამჟღავნოს უფრო დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სანქციების რეჟიმი.
მანამდე ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკვე დაიწყო რუსეთის გაყინული აქტივებიდან შემოსავლების გადაცემა უკრაინული მხარისთვის და კავშირის ქვეყნებისთვის, რომლებიც კიევს იარაღს მიაწვდიან.
ივნისში, იტალიაში G7-ის სამიტის მონაწილეებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებაზე უკრაინის დასახმარებლად. საუბარი ეხებოდა ამ წლის ბოლომდე კიევისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხის მიცემას.
წყარო: BPN.GE