ევროკავშირში რადიო თავისუფლების გარშემო შექმნილ ვითარებაზე მსჯელობენ

უკრაინის ომის, ახლო აღმოსავლეთში ვითარებისა და სხვა საკითხების გარდა, 17 მარტს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სავარაუდოდ, იმსჯელებენ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისათვის (რთე/რთ) -ის კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტის მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება.
მედიაორგანიზაციის შტაბ-ბინა ში მდებარეობს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ კვირას ილაპარაკა, რამდენად მნიშვნელოვანია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ მუშაობა და მათ უწოდა „შუქურა“ ავტორიტარული მმართველობის პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ევროკავშირში კოლეგებს შორის გაავრცელეს განცხადების პროექტი (ის რადიო თავისუფლების განკარგულებაშია), რომელშიც გამოხატულია სერიოზული შეშფოთება რთე/რთ-ის დაფინანსებასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო. მასში ნათქვამია, რომ მედიაორგანიზაცია, რომელიც ათწლეულების მანძილზე აწვდიდა ობიექტურ ინფორმაციას რკინის ფარდის მიღმა მყოფ ადამიანებს, „აგრძელებს სანდო, დამოუკიდებელი ამბების მიწოდებას ათობით მილიონი ადამიანისთვის რეგიონებში, სადაც თავისუფალი პრესა არ არსებობს ან შეზღუდვებით მოქმედებს“. აღნიშნულია, რომ რთე/რთ თავისი საქმიანობით აძლიერებს ევროპის უსაფრთხოებას და მისი მუშაობის შესაძლო შეწყვეტა „საჩუქარი იქნება ევროპის მოწინააღმდეგეებისთვის“.
პროექტში გამოხატულია განზრახვა, მოძიებულ იქნეს სახსრები, რომლებიც საშუალებას მისცემს რთე/რთ-ს, გააგრძელოს თავისი საქმიანობა. დეტალები არ არის მოცემული. გაურკვეველია, ევროკავშირის რამდენი ქვეყანა შეიძლება შეუერთდეს ამ განცხადებას.
ბევრი ამერიკული და საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაცია, მათ შორის ეროვნული პრესკლუბი, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, გამოვიდა რთე/რთ-ისა და „ამერიკის ხმის“ დასაცავად.
14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას შვიდი ფედერალური სააგენტოს, მათ შორის აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) შემცირების შესახებ. USAGM მეთვალყურეობს მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება-ს, „ამერიკის ხმასა“ და ზოგიერთ სხვა მედიასაშუალებას.
განკარგულების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მედიაში გამოჩნდა USAGM-ის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ წყდება რთე/რთ-ის დამფინანსებელი აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი. წერილს ხელს აწერს კერი ლეიკი, რომლის თანამდებობად მითითებულია „USAGM-ის უფროსი მრჩეველი, აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი“. ასევე ცნობილი გახდა, რომ „ამერიკის ხმამ“ ფაქტობრივად შეაჩერა მუშაობა მას შემდეგ, რაც მისი თანამშრომლების უმეტესობა ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.
ლეიკის განცხადება USAGM-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. მასში გადაწყვეტილების მიღების მიზეზად დასახელებულია, ტრამპის ადმინისტრაციის აზრით, გადასახადის გადამხდელთა სახსრების ცუდი ხარჯვა, USAGM-ის მუშაობაში უსაფრთხოების პროტოკოლების დარღვევა, სააგენტოში კორუფციის სავარაუდო შემთხვევები და, როგორც ამტკიცებენ, ცრუ და პოლიტიზებული ინფორმაციის გავრცელება. პრეზიდენტ ტრამპთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მანამდე USAGM-ის დემონტაჟი მოითხოვა. მან სააგენტოს ბრალი დასდო „რადიკალური მემარცხენე“ პროპაგანდის გავრცელებაში.
ლეიკის განცხადება იმას მეტყველებს, რომ ახალი ადმინისტრაცია USAGM-ის სრულ დემონტაჟს არ გეგმავს. გადადგმულ ნაბიჯებს ხსნიან იმის აუცილებლობით, რომ „აღდგეს ამერიკის შეერთებული შტატების სიდიადე და თავისუფლებისა და დემოკრატიის წინსვლა“ და მოხდეს სააგენტოს „საკვანძო მისიის მოდერნიზაცია“.
რთე/რთ-ის პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა შაბათს საღამოს გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ USAGM-თან საგრანტო ხელშეკრულების გაუქმება „უზარმაზარი საჩუქარი იქნება ამერიკის მტრებისთვის“. „ირანის აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები, ავტოკრატები მოსკოვსა და მინსკში რთე/რთ-ის სიკვდილს იზეიმებენ მისი 75 წლის იუბილეს წინ. ჩვენი მოწინააღმდეგეების გამარჯვება მათ უფრო გააძლიერებს, ამერიკას უფრო დაასუსტებს“, – თქვა კაპუსმა განცხადებაში.
USAGM არის აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს ახალი ამბებისა და ინფორმაციის ტრანსლაციას თითქმის 50 ენაზე დაახლოებით 361 მილიონი ადამიანისთვის.
USAGM-ის 2025 წლის ბიუჯეტის მოთხოვნა 950 მილიონი აშშ დოლარი იყო მთელი მისი ოპერაციების დასაფინანსებლად ისეთი მედიასაშუალებებისთვის, როგორიცაა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, „ამერიკის ხმა“, რადიო თავისუფალი აზია, რადიო მარტი (კუბა), ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი (MBN) და ფონდი „ღია ტექნოლოგია“, რომელიც მუშაობს საინტერნეტო პროექტების განვითარებაზე, მათ შორის ონლაინ უსაფრთხოებისა და ანონიმურობის სფეროში.
რადიო თავისუფლება არის დამოუკიდებელი მედიაკორპორაცია, რომლის საქმიანობაც ფინანსდება აშშ-ის კონგრესის მიერ გამოყოფილი სახსრებით, რაც USAGM-ის გრანტების სახით გაიცემა სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი მედიაორგანიზაციებისთვის.
რადიო თავისუფლების ქართულმა რედაქციამ 1953 წლის 18 მარტს დაიწყო მაუწყებლობა.