ფუნდამენტური უფლებების ევროკავშირის სააგენტოს მიერ ხუთშაბათს, 24 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის 13 ქვეყანაში თითქმის ყოველი მეორე მუსლიმი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დისკრიმინაციას განიცდიდა.
„დეჰუმანიზაციის“ მკვეთრი ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში – ფუნდამენტური უფლებების ევროკავშირის სააგენტოს (FRA) ანგარიშში ნათქვამია, რომ თითქმის ყოველი მეორე ევროპელი მუსლიმი რასისტული დისკრიმინაციის მსხვერპლია. კვლევის თანახმად, ევროპის 13 ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში გამოკითხული მუსლიმების დაახლოებით 47%-მა განაცხადა, რომ ისინი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დისკრიმინაციას განიცდიდნენ. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 39%-ს შეადგენდა.
ანგარიშის მიხედვით, რომლის სახელწოდებაა „მუსლიმად ყოფნა ევროკავშირში“, იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც მუსლიმები ყველაზე ხშირად აწყდებიან რასიზმს, შედიან ავსტრია (71%), გერმანია (68%) და ფინეთი (63%). საფრანგეთს, ამ კუთხით, საშუალო მაჩვენებელი – 39 პროცენტი – აქვს. „რასისტული დისკრიმინაციის“ რისკის ქვეშ ყველა მუსლიმი თანაბრად არ ხვდება: FRA-ს ანგარიშის თანახმად, დისკრიმინაციის მსხვერპლნი უფრო ხშირად არიან: „საჰარის აფრიკის ქვეყნების“ ხალხი, „ევროკავშირში დაბადებული ახალგაზრდა მუსლიმები“ და „რელიგიურ ტანსაცმელში ჩაცმული ქალები“.
სააგენტოს დასკვნები გამომდინარეობს 9604 ადამიანის პასუხებიდან, რომლებიც ევროკავშირში ემიგრანტებისა და მათი შვილების შესახებ 2022 წელს ჩატარებული გამოკითხვის დროს შეგროვდა. ეს მონაცემები ასევე გამოყენებული იქნა სხვა ანგარიშისთვისაც („შავკანიანად ყოფნა ევროკავშირში“), რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა და ევროპაში შავკანიანების მიმართ რასიზმის ზრდის შეეხებოდა.
ფუნდამენტური უფლებების ევროკავშირის სააგენტოს დირექტორი, სირპა რაუტიო, ევროპაში მუსლიმების მიმართ რასიზმისა და დისკრიმინაციის საგანგაშო ზრდის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.
„ამას ხელს უწყობს ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები, აგრეთვე ანტიმუსლიმური რიტორიკა, რომელიც მთელ კონტინენტს მოედო“, – აცხადებს სირპა რაუტიო.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შრომის ბაზარზე არსებულ დისკრიმინაციას. „მუსლიმები დისკრიმინაციას ყველაზე ხშირად სამუშაოს ძიებისას (39%) ან სამუშაო ადგილებზე (35%) განიცდიან“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ „ხუთი მუსლიმიდან ორს (41%) უფრო მაღალი კვალიფიკაცია გააჩნია, ვიდრე მის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის არის საჭირო, მაშინ როდესაც ევროკავშირში ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 22%-ს შეადგენს.
ევროპული სააგენტოს მონაცემებით, სამუშაოს ძიებისას, რელიგიურ სამოსში გამოწყობილი 25-44 წლის ქალები უფრო დისკრიმინირებულები არიან (41%), ვიდრე ისინი, ვინც რელიგიურ ტანსაცმელს არ ატარებს (31%). „16-24 წლის ახალგაზრდა ქალების შემთხვევაში, რომლებიც რელიგიურ ტანსაცმელს ატარებენ, ეს მაჩვენებელი 58%-მდე იზრდება“, – ნათქვამია ანგარიშში. ევროპელი მუსლიმები დისკრიმინაციას საცხოვრებლის მიღების დროსაც განიცდიან: „რესპოდენტთა მესამედს (35%), დისკრიმინაციის გამო, არ შეუძლია იყიდოს ან იქირაოს საცხოვრებელი. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 22% იყო“.
რესპონდენტები რასობრივ პროფილირებასაც უჩივიან. მუსლიმთა მეოთხედი (27%) ამბობს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ისინი პოლიციამ ერთხელ მაინც გააჩერა, გაჩერებულთა 42%-ს კი მიაჩნია, რომ მათი პერსონით პოლიციის დაინტერესება „მიგრანტობით ან ეთნიკური წარმომავლობით იყო განპირობებული“. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამართალდამცავების მიერ გაჩერების ფაქტი საფრანგეთში გამოკითხულთა 25%-მა დაადასტურა, რომელთა 44%- აცხადებს, რომ ეს მათი „პირსონის“ შემოწმების მიზნით მოხდა. ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია სუბსაჰარის ქვეყნებიდან ჩამოსულებთან მიმართებაში (57%), ვიდრე ჩრდილოეთ აფრიკიდან მიგრირებულების შემთხვევაში (41%).
დისკრიმინაცია დიდ გავლენას ახდენს ევროპელ მუსლიმთა ცხოვრებაზე. „მუსლიმთა თითქმის მესამედს, რომლებიც საცხოვრებელს ეძებენ, რასობრივი დისკრიმინაციის გამო, ოჯახებისთვის შესაფერისი საცხოვრებლის პოვნა უჭირთ“, – აღნიშნულია ევროპული სააგენტოს ანგარიშში. რაც შეეხება ჯანდაცვას, მუსლიმები „თავიანთი სამედიცინო საჭიროებებისთვის შესაფერის სერვისებს ორჯერ უფრო ნაკლებად იღებენ“.
ასეთი მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად, FRA რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, „ფოკუსირება მოახდინონ მუსლიმური რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე“, „უფრო ეფექტური პოლიტიკის შემუშავების მიზნით, შეაგროვონ მონაცემები დისკრიმინაციის ყველა საფუძვლის შესახებ“ და „აუცილებლად აღასრულონ ანტიდისკრიმინაციული კანონები“. ანგარიში ასევე მოუწოდებს სახელმწიფოებს, „აღკვეთონ დისკრიმინაციული ინსტიტუციური პრაქტიკა, რაც პოლიციის მიერ პირების უკანონო შემოწმებას იწვევს“. „საზოგადოებებში განხეთქილების დათესვის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირში ყველა ადამიანი თავს დაცულად გრძნობს, საზოგადოებაში ინტეგრირებულია და მისი მხრიდან სარგებლობს პატივისცემით, განურჩევლად კანის ფერის, წარმოშობისა თუ რელიგიისა“, – ამბობს აღშფოთებული სირპა რაუტიო.
წყარო: 1 არხი
