ევროკავშირმა „მნიშვნელოვან გარღვევად“ შეაფასა ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად ისრაელისა და ჰამასის პირველი ეტაპის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 8 ოქტომბერს მიაღწიეს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა დღეს, 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ პირველი ფაზის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა, მთავარი დიპლომატიური მიღწევა და დამანგრეველი ომის დასრულებისა და ყველა მძევლის გათავისუფლების რეალური შანსი.
კალასის თანახმად, ევროკავშირი ამ შეთანხმების შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ ღამით გამოაცხადა, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. შეთანხმების მიღწევა დაადასტურეს ისრაელმა და ჰამასმაც და მათ შორის მოლაპარაკებების შუამავლებმა.
ტრამპის თანახმად, ეს შეთანხმება ნიშნავს ძალიან მალე ყველა მძევლის გათავისუფლებას, ისრაელი კი თავის ჯარებს გაიყვანს შეთანხმებულ ხაზზე, როგორც პირველ ნაბიჯებს მყარი, გრძელვადიანი და მუდმივი მშვიდობისკენ.
ისრაელმა და ჰამასმა შუამავლების მეშვეობით 6 ოქტომბერს ეგვიპტეში დაიწყეს მოლაპარაკების პირველი რაუნდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც ღაზის სექტორში ომის დასრულების პირობებს მოიცავს.
8 ოქტომბერს მოლაპარაკებას შეუერთდნენ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი, რომელიც დონალდ ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი იყო. მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ კატარის პრემიერ-მინისტრი და თურქეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმა 20-პუნქტიანია. ის ითვალისწინებს ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ჰამასის მიერ ყველა მძევლის გათავისუფლებიდან 72 საათის განმავლობაში და ისრაელის მიერ ასეულობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას, ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანას, ჰამასის განიარაღებას და ღაზის სექტორში გარდამავალი მთავრობის შექმნას საერთაშორისო ხელმძღვანელობით. გეგმა გამორიცხავს ჰამასის მონაწილეობას ღაზის სექტორის მართვაში.
· პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, აშშ-ის, ევროკავშირისა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას და ისრაელზე მასირებულ სარაკეტო შეტევას.
· მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ჰამასის ტყვეობაში დარჩა 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
· ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.
· ჰამასი ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს.
· პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც გაეროს წევრი სახელმწიფოების დიდი ნაწილი აღიარებს, პალესტინელთა ტერიტორიას აკონტროლებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
