აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, საქართველოს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პარტნიორ ევროკავშირს მიიჩნევს გამოკითხულთა 51%.
32% – აშშ-ს, 19% – აზერბაიჯანს, 17% – უკრაინას, 16% – თურქეთს, 9% – სომხეთს, 9% – რუსეთს და დიდ ბრიტანეთს, 7% – ისრაელს, 6% – ჩინეთს, 1% – ირანს. რესპონდენტებს რამდენიმე პარტნიორის დასახელება შეეძლოთ.
რაც შეეხება უმთავრეს ეკონომიკურ პარტნიორებს, 43% ასეთად მიიჩნევს ევროკავშირს, 31% – აშშ-ს, 28% – თურქეთს, 24% – აზერბაიჯანს, 16% – რუსეთს, 12% – უკრაინას. რესპონდენტებს რამდენიმე პარტნიორის დასახელება შეეძლოთ.
ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, გამოკითხულთა 44%-ის აზრით, უნდა იყოს სრულიად პროდასავლური [მარტში ასე 50% მიიჩნევდა]. 33% ამბობს, რომ პროდასავლური, თუმცა უნდა შენარჩუნდეს ურთიერთობა რუსეთთან. 8% – რომ პრორუსული, დასავლეთთან ურთიერთობის შენარჩუნებასთან. 3% მხარს უჭერს მხოლოდ პრორუსულ საგარეო პოლიტიკას.
ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ჯამში, 86%. მარტში ამას მხარს უჭერდა 89%. რესპონდენტთა ჯამში 74% ამბობს, რომ მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავს. ეწინააღმდეგება – 17%. ცვლილებები მარტის კვლევასთან შედარებით, ფაქტობრივად, ცდომილების ზღვარშია.
რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, მთლიანობაში, ამას მოქალაქეთა 79% უჭერს მხარს. მარტთან შედარებით, ცვლილებები ცდომილების ზღვარშია.