ევროკავშირის ქვეყნები არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარების მიზნით ახალი წესების სასწრაფოდ მიღებას ითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ბრიუსელში 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
„საუბრის მთავარი თემა მიგრანტების დაბრუნების საკითხი იყო – დღეს ევროკავშირის ქვეყნებში ვხვდებით უამრავ პიროვნებას, რომელსაც ამ ქვეყნებში გაჩერების კანონიერი უფლება არ გააჩნიათ. ჩამოსულების მხოლოდ 20% ბრუნდება საკუთარ ქვეყანაში“,-ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკავშირის ლიდერებმა ასევე დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, ებრძოლონ ემიგრაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. რუსეთს, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, „ბოროტად გამოიყენონ ჩვენი ღირებულებები, მათ შორის თავშესაფრის უფლება და ძირი გამოუთხარონ ჩვენს დემოკრატიებს“, ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე გამოდის შეთავაზებით, რომ ის მიგრანტები, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის უფლება არ ექნებათ, გაგზავნონ ე.წ. დაბრუნების ჰაბებში ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირს ექნება შესაბამისი შეთანხმებები.
„ცხადია, რომ ეს ყველაფერი ევროკავშირის თავშესაფართა პოლიტიკას სრულიად შეცვლის. ბუნდოვანია, თუ როგორ იმუშავებს მიგრანტთა დაბრუნების ჰაბები და რა ბედი ეწვევა ამ ხალხს”, -ამბობს შონა მარი, ევრონიუსის ჟურნალისტი.
ევროკომისია ასევე გეგმავს, გაამკაცროს ზომები იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ.
წყარო: euronewsgeorgia
ევროპარლამენტის არჩევნებამდე გერმანია, საფრანგეთი და იტალია საიმიგრაციო კანონმდებლობას ამკაცრებენ. მიგრაციისა და თავშესაფრის მიღების სისტემის რეფორმა წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი თემა იქნება.
რა ხდება?
სოციალური გამოკითხვების თანახმად, ევროკავშირში მიგრანტებისა და ლტოლვილების მზარდი რაოდენობა და მათთვის თავშესაფრის უზრუნველყოფა წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემაა. შესაბამისად, გასაკვირი არც არის, რომ ევროპის სამმა უდიდესმა ქვეყანამ, რომლებიც მიგრანტების მთავარი სამიზნეა – გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ – 2023 წელს მიგრაციის კანონები გაამკაცრა. აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს მიგრაციის ნაკადის შემცირებასა და დეპორტაციის პროცესის დაჩქარებას იმ ადამიანებისთვის, რომელთაც თავშესაფარზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
ევროკავშირის სამი უმსხვილესი ეკონომიკა მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურად ერთი და იმავე მიმართულებით მოძრაობს, თუმცა ეროვნულ დონეზე მიგრაციის პირობები და თავშესაფრის მიღების წესები ამ ქვეყნებში ძალიან განსხვავებულია. გერმანიის ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატების, „მწვანეებისა“ და ლიბერალების სამთავრობო კოალიციაა. საფრანგეთს ლიბერალური უმცირესობის მთავრობა ჰყავს, იტალიას კი – მემარჯვენე პოპულისტური კოალიცია, რომელიც უკიდურესი მემარჯვენეებისა და ქრისტიან-დემოკრატებისგან შედგება. რას შეცვლიან ეს ქვეყნები საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართულებით 2024 წელს, Deutsche Welle-მ გაარკვია.
როგორია გერმანიის საიმიგრაციო კანონმდებლობა?
მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური ოფისის (BAMF) პროგნოზის თანახმად, 2023 წელს ევროკავშირში მყოფი მილიონზე მეტი თავშესაფრის მაძიებლიდან 350 ათასი ლტოლვილის სტატუსის მიღებას გერმანიაში ითხოვდა. თავშესაფრის მაძიებელთა გარდა, რომლებიც ქვეყანაში, ძირითადად, სირიიდან, ავღანეთიდან და თურქეთიდან ჩავიდნენ, გერმანიაში მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შევიდა. მიგრანტებსა და ლტოლვილებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას მმართველი კოალიცია რამდენიმე კანონის მიღებით გამოეხმაურა.
ერთ-ერთი მათგანია კანონი, რომელიც ქვეყანაში ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მცხოვრებ მიგრანტებს პირობებს უმარტივებს. ახლა მათ გერმანიაში ოფიციალურად მუშაობისა და ინტეგრაციის უკეთესი შანსი აქვთ. ამავე პერიოდში მიღებული სხვა კანონი კი, პირიქით, არალეგალური მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების (Rückführungsverbesserungsgesetz) პროცესის დაჩქარების საშუალებას იძლევა, თუ მათ გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე უკვე უარი აქვთ მიღებული. ამ კანონის თანახმად, არალეგალი მიგრანტების სახლების ჩხრეკა უკვე დაშვებულია, დეპორტაციის შეტყობინებიდან ფაქტობრივ დეპორტაციამდე პერიოდი კი მცირდება. ამასთანავე, დეპორტირებული პირის პატიმრობის დასაშვები ვადა გახანგრძლივდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ სიახლეების პრაქტიკაში განხორციელება ამ ეტაპზე რთულია. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, იმ 50 ათასი ადამიანიდან, რომელთა დეპორტაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, 2023 წლის პირველ ნახევარში მხოლოდ 7 900-ის დეპორტაცია გახდა შესაძლებელი.
აქვე უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. მისი მიღების შემთხვევაში გერმანიაში ორმაგი მოქალაქეობა დაშვებული იქნება. გარდა ამისა, მოქალაქეობის მისაღებად ლოდინის პერიოდი რვიდან ხუთ წლამდე შემცირდება.
საფრანგეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს
შობამდე ცოტა ხნით ადრე საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, მემარჯვენე პოპულისტური პარტიის ხმების წყალობით, საკამათო საიმიგრაციო კანონი მიიღო. პარტიის თავმჯდომარემ მარინ ლე პენმა კანონის მიღება გამოაცხადა თავისი პოლიტიკური კურსის იდეოლოგიურ გამარჯვებად, რომელიც მიმდინარეობდა ლოზუნგით „საფრანგეთი, უპირველეს ყოვლისა!“. ლიბერალი პრეზიდენტის – ემანუელ მაკრონის მხარდაჭერა პარლამენტში მემარჯვენე პოპულისტების ხმებზე გავლენას ვერ მოახდენდა. სამაგიეროდ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს კონსერვატორმა რესპუბლიკელებმა, რომელთაც მიგრაციის წესების გამკაცრებას დაუჭირეს მხარი.
მაკრონი ახლა უკვე აპირებს, ეს კანონის განსახილველად საკონსტიტუციო საბჭოს წარუდგინოს. ახალი დოკუმენტი არალეგალი მიგრანტების დაჩქარებულ დეპორტაციას ითვალისწინებს. ამასთანავე, ის ართულებს მათ ხელმისაწვდომობას სოციალურ შეღავათებზე და მათი ოჯახის წევრების ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობას ზღუდავს. საერთაშორისო სტუდენტებს, რომელთაც საფრანგეთში სწავლა სურთ, ახალი კანონით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ფრანგების 70%-მა საიმიგრაციო კანონების გამკაცრებას დაუჭირა მხარი.
იტალია არალეგალი მიგრანტების ნაკადის წინააღმდეგ
მემარჯვენე პოპულისტურმა კოალიციამ, რომელსაც ჯორჯა მელონი ხელმძღვანელობს, 2022 წლის არჩევნები, სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ იტალიაში ჩასული მიგრანტების რაოდენობის შემცირების დაპირებით მოიგო. ახლა კი შედეგების ჩვენების დრო დადგა. აღნიშნულმა კოალიციამ ევროკავშირსა და ტუნისის მთავრობასთან არალეგალი ემიგრანტების დეპორტაციის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა მისი რეალიზება ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ალბანეთთან გააფორმა ხელშეკრულება, რომ იტალიიდან ალბანეთის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ორი ცენტრი (3 000 პირზე გათვლილი) გადაინაცვლებდა. უნდა აღინიშნოს, რომ ალბანეთი თავშესაფრის მაძიებლებისთვის უსაფრთხო მესამე ქვეყანად არის აღიარებული და ოფიციალური ტირანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ახლა ალბანეთის უზენაესი სასამართლო ამოწმებს, რამდენად კანონიერია იტალიასთან დადებული შეთანხმება. გარდა ამისა, მელონიმ დაავალა არმიას, დეპორტირებულებისთვის განკუთვნილი ბანაკები ქვეყნის ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ააშენონ. მიგრანტები, რომლებიც, სავარაუდოდ, დეპორტირდებიან, იქ 12-ის ნაცვლად 18 თვეს გაატარებენ და ამ ხნის განმავლობაში საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდებიან.
ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ევროპული გაერთიანება ECRE იტალიის ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების პროცესის გართულებისა და გახანგრძლივების გამო აკრიტიკებს. მათი თქმით, თავშესაფრის მაძიებლებს აუცილებელ ადმინისტრაციულ პროცედურებზე ლოდინი თვეების განმავლობაში უწევთ. ბევრი მიგრანტი არ რჩება იტალიაში და უფრო ჩრდილოეთით – გერმანიასა და ავსტრიაში მიემართება თავშესაფრის საძიებლად, თუმცა დუბლინის შეთანხმების მიხედვით, იტალიამ უნდა მიიღოს ისინი, რადგან ის არის ევროკავშირის პირველი ქვეყანა, სადაც მიგრანტები შედიან. ქვეყნის ხელისუფლება უარს ამბობს იმ მიგრანტების მიღებაზე, რომელთაც გერმანია იტალიაში აბრუნებს.
რა სიახლეები ელის ამ მიმართულებით 2024 წელს ევროკავშირს?
ევროკავშირის საბჭომ, რომლებიც 27 წევრი სახელმწიფოს ინტერესებს წარმოადგენენ, საიმიგრაციო პაქტი მიიღო. ის ევროკავშირში თავშესაფრის საძიებო სისტემის ფართო რეფორმას ითვალისწინებს. პაქტი ითვალისწინებს თავშესაფრის თხოვნაზე განცხადების დაჩქარებულ წარდგენას პირდაპირ ევროკავშირის საზღვრებზე 30 ათასი ადამიანისათვის, რომელთაც ლტოლვილის სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვთ. ამავე დოკუმენტის თანახმად, სასაზღვრო ლტოლვილთა ბანაკებიდან დეპორტაციის პროცესი დაჩქარდება. გარდა ამისა, პაქტში პირველად არის საუბარი ევროკავშირის ყველა ქვეყნის სავალდებულო სოლიდარობაზე მიგრაციის საკითხებში.
ამრიგად, ევროკავშირში მიგრანტების შესვლის პირველ ქვეყნებში – იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი და მალტა – თავშესაფრის მაძიებელთა გადაჭარბებული რაოდენობის შემთხვევაში ევროკავშირის სხვა ქვეყნებს თავშესაფრის მაძიებლების მიღება კვოტების სისტემით შეეძლებათ, თუმცა საიმიგრაციო პაქტის რვავე კანონის სრულად განხორციელება 2026 წლამდე ვერ მოხერხდება.
imedinews.ge