ევროკავშირს „მოლდოვის ოკუპაციის გეგმა“ აქვს – რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური

რუსეთი, რომელსაც მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევისა და დესტაბილიზაციის მცდელობებში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ ევროკავშირს „მოლდოვის ოკუპაციის გეგმა“ აქვს.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატ მოლდოვაში საპარლამენტო 28 სექტემბერს გაიმართება.
არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ს საგარეო დაზვერვის სამსახური ევროკავშირის მიერ მოლდოვის „ოკუპაციის გეგმაზე“ საუბრობს მაშინ, როცა დასავლეთის მედიის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, კრემლი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს გეგმით, რომლის მიზანია ქვეყანამ არ შეინარჩუნოს ევროკავშირში გაწევრების კურსი.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ დღეს, 23 სექტემბერს გაავრცელა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროს ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ბრიუსელი არ აპირებს უარი თქვას მოლდოვის ოკუპაციის გეგმებზე იმ შემთხვევაშიც, თუ არჩევნების შემდეგ სიტუაციის განვითარება არ მოითხოვს გარედან ჩარევას“.
ამ სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, „ჯარების შეყვანა მოგვიანებითაა სავარაუდო“ და „საბაბის შესაქმნელად გათვალისწინებულია შეიარაღებული პროვოკაციების ორგანიზება დნესტრისპირეთისა და რეგიონში განთავსებული რუსული ჯარების წინააღმდეგ“. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური შესაძლო ვადად ასახელებს დნესტრისპირეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პერიოდს, 30 ნოემბერს.
მოლდოვის ხელისუფლებას და ევროკავშირს რუსეთის საგარეო დაზვერვის ამ განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონიათ.
მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა, პარტია „მოქმედების და სოლიდარობის“ ლიდერმა მაია სანდუმ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 22 სექტემბერს ამომრჩევლებს მიმართა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ევროპული მომავალი საფრთხეშია.
სანდუს თანახმად, კრემლი ასეულობით მილიონ ევროს ხარჯავს, რათა ამომრჩევლები მოისყიდოს, ხალხი ტყუილებით მოწამლოს და არეულობა მოაწყოს.
მოლდოვის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა, არ დაუშვან, რომ ქვეყანა ჩაბარდეს უცხოურ ინტერესებს.
22 სექტემბერს გამოცემა Bloomberg-მა კრემლში დამტკიცებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს გეგმით, რომლის მიზანია ქვეყანამ არ შეინარჩუნოს ევროკავშირში გაწევრების კურსი.
ამ დოკუმენტების თანახმად, კრემლის ტაქტიკაა საზღვარგარეთ მცხოვრები მოლდოველი ამომრჩევლების მოსყიდვა, დესტრუქციული საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება და სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის ფართომასშტაბიანი კამპანია.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ჯერ კიდევ 2025 წლის ივლისში განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის. კრემლში ეს ბრალდება, ტრადიციულად, უარყვეს.
არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხის გამო მოლდოვის პოლიციამ, პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით არეულობებისა და დესტაბილიზაციის მომზადებას ეხება.
28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მთავარი მეტოქეა პრორუსულად განწყობილი ძალების „პატრიოტული ბლოკი“ რომელსაც მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, სოციალისტი იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.
მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს ადანაშაულებდა შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამოც. 2024 წლის ნოემბერში, არჩევნების მეორე ტურში პროევროპელმა მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით დაამარცხა პრორუსულად განწყობილი სოციალისტების კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო(45%).
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ