ევროკავშირმა 2021 წელს პენსიებზე მშპ-ის 12,9% დახარჯა

ევროკავშირმა 2021 წელს პენსიებზე თითქმის 1,882 ტრილიონი ევრო დახარჯა, რაც მშპ-ის 12,9%-ის ეკვივალენტურია. ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკის ოფისმა განაცხადა.
წინა წელთან შედარებით, გადახდები 2,8%-ით გაიზარდა, თუმცა მათი წილი მშპ-ში 2020 წლის 13,6%-თან შედარებით შემცირებულია.
2021 წელს საბერძნეთში პენსიები მშპ-ის 16,4%-ს შეადგენდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მას მოსდევს იტალია (16,3%), ავსტრია (15%) და საფრანგეთი (14,9%).
იმავდროულად, ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია ირლანდიაში (მშპ-ის 4,5%), მალტაში (6,4%) და უნგრეთში (7%).
2021 წელს ევროკავშირის მოსახლეობის 27,2%-მა მიიღო პენსია. ხანდაზმულთა პენსიები იყო ყველაზე დიდი ხარჯი (საპენსიო გადასახდელების 79.9%), რასაც მოჰყვება სოციალური დახმარება (12%) და შშმ პირების პენსია (7.9%).