ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრისას, რომელშიც მონაწილეობისგან ბევრმა ქვეყანამ თავი შეიკავა, ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ, უნდა დაეწესებინათ თუ არა ჩინური წარმოების ელექტრომობილებისთვის ახალი, დამატებითი ტარიფები. ევროკომისია იძულებული გახდა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი მოეძებნა და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის 12 წევრ სახელმწიფოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, საქმე ბოლომდე მიიყვანა.
ოთხი ოქტომბრის კენჭისყრის შედეგები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ევრონიუსს რამდენიმე დიპლომატმა განუცხადა იმის შესახებ, თუ როგორი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიცია ახალი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით.
სანდო წყაროების ინფორმაციით, ინიციატივას 10 ქვეყანა მიემხრო, მათ შორისაა: ბულგარეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ლატვია, ნიდერლანდები და პოლონეთი. ამ ქვეყნებში ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის 46% ცხოვრობს. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა 12 ქვეყანამ: ბელგიამ, ჩეხეთმა, საბერძნეთმა, ესპანეთმა, ხორვატიამ, კვიპროსმა, ლუქსემბურგმა, ავსტრიამ, პორტუგალიამ, რუმინეთმა, შვედეთმა და ფინეთმა. ინიციატივის წინააღმდეგ ხმა მისცა გერმანიამ, უნგრეთმა, მალტამ, სლოვენიამ და სლოვაკეთმა.
კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ჩინეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ ეჭვებსა და კითხვებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ პეკინის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკა ძლიერ ერთობლივ პასუხს იმსახურებს, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად ჩინეთის მხრიდან კომერციული შურისძიების შიშმა ბევრი ქვეყნის გადაწყვეტილება შეცვალა.
მიუხედავად ამისა, რეზოლუცია უკვე მიღებულია და დამატებითი ტარიფებიც მალე ამოქმედდება.
თუ გავითვალისწინებთ კომისიის სერიოზულ შეშფოთებას ჩინეთის მიერ სუბსიდიების ფართოდ გამოყენებასთან დაკავშირებით, რათა შიდა მწარმოებლებს გლობალურ ბაზრებზე ელექტრომობილების ხელოვნურად დაბალ ფასად გაყიდვაში შეუწყოს ხელი, დასკვნა მოულოდნელი სავსებით არ ყოფილა.
ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში აქამდეც აღნიშნავდნენ, რომ არსებულ მოცემულობაში მკაცრი ზომების არმიღებამ ევროკავშირის ავტომწარმოებლებს შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. აღნიშნავდნენ იმასაც, რომ ამას ევროკავშირის ტერიტორიაზე მილიონობით სამუშაო ადგილის გაქრობა შეუძლია.
ახალი დამატებითი ტარიფები მიზნად სუბსიდიების მავნე ზემოქმედების დაბალანსებას და ჩინურ და ევროკავშირის ავტომწარმოებლებს შორის ფასების სხვაობის შემცირებას ისახავს. დამატებითი ტარიფები სხვადასხვა ბრენდისთვის სხვადასხვაგვარია, რაც იმით იხსნება, რომ ავტომწარმოებლები კომისიის მიერ სუბსიდირებული ჩინური ელექტრომობილების შესახებ წარმოებულ გამოძიებასთან სხვადასხვა დოზით თანამშრომლობდნენ.
BYD-ისთვის ახალი დამატებითი ტარიფი 17% იქნება, 18.8%-იანი ტარიფი დაუწესდება Geely-ის, 35.3%-იანი ტარიფი ამოქმედდება SAIC-ისთვის.
ჩინური ელექტრომობილების სხვა მწარმოებლებისთვის, რომლებმაც გამოძიებასთან ითანამშრომლეს, ტარიფი 20.7% იქნება. ხოლო მათ, ვინც თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, 35.3%-იანი ტარიფი დაუწესდებათ. ცვლილება ძალაში ნოემბრის დასაწყისიდან შევა.
ახალი ტარიფები არსებულ 10%-იან ტარიფს დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ჩინური ავტომწარმოებლისთვის ტარიფი 45%-ზე მაღალი იქნება.
ბუნებრივია, მიღებულ რეზოლუციას ჩინეთი უპასუხოდ არ დატოვებს. პეკინმა თავიდანვე დაგმო კომისიის გამოძიება, უარყო სუბსიდიების არსებობა და დასკვნებს ხელოვნურად გაზვიადებული უწოდა. პეკინის მუქარამ საპასუხო ზომებთან დაკავშირებით ევროკავშირის არაერთი დედაქალაქი დააფიქრა.
ამის ფონზე დამატებითი ტარიფების თავიდან აცილებისთვის ჩინეთის ოფიციალური პირები ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებებში ჩაერთნენ. მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია უკვე მიღებულია, მოლაპარაკებები 30 ოქტომბრამდე გრძელდება. ეს მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიისთვისაც, რომელიც შიშობს, რომ პეკინის პასუხმა გერმანიის ეკონომიკას შესაძლოა უდიდესი ზიანი მიაყენოს, რადგან ბოლო ათწლეულში გერმანულმა კომპანიებმა ჩინეთთან არსებული ბიზნესკავშირები მნიშვნელოვნად გააფართოვეს და ჩინეთის შურისძიებამ ევროკავშირზე ამ ურთიერთობებს შესაძლოა მძიმე დარტყმა მიაყენოს.
„ცხადია, ჩვენი ეკონომიკა უსამართლო სავაჭრო პრაქტიკისგან უნდა დავიცვათ, თუმცა ჩვენმა რეაქციამ ზიანი არ უნდა მოგვაყენოს. სწორედ ამიტომ ჩინეთთან მოლაპარაკებები ელექტრომობილების თაობაზე უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ამ კვირაში.
დამატებითი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ბერლინის გავლენა ევროკავშირზე შემცირებულია.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია