უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი მიესალმა 20 მარტს გამოცხადებულ ევროკავშირის დროებით გადაწყვეტილებას, რომლითაც უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქცია იმპორტის გადასახადისგან კიდევ ერთი წლით გათავისუფლდება.
„სასიხარულო ამბავი ბრიუსელიდან. ევროპული საბჭო და პარლამენტი დროებით შეთანხმდნენ 2025 წლის ივნისამდე იმპორტის გადასახადებისა და კვოტების შეჩერებაზე უკრაინიდან ევროკავშირში ექსპორტზე”, – დაწერა შმიჰალმა სოციალურ მედია X-ზე. მან ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ვალდის დომბროვსკის, ევროკავშირის საბჭოს, ბელგიას, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, “ურყევი მხარდაჭერისთვის” მადლობა გადაუხადა.
ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ 20 მარტს განცხადეს, რომ მომლაპარაკებლებმა მიაღწიეს დროებით შეთანხმებას ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზომების გახანგრძლივების თაობაზე უკრაინისთვის, რომლის ეკონომიკაც მძიმედ დაზარალდა რუსეთის არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.
“ევროკავშირში უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტ-იმპორტის გადასახადებისა და კვოტების დროებითი შეჩერება კიდევ ერთი წლით, 2025 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის მიერ განგრძობითი აგრესიული ომის ფონზე“, – ნათქვამია ევროპის პარლამენტისა და საბჭოს ერთობლივ განცხადებაში.
შეთანხმება ასევე მოიცავს “გადაუდებელ შეჩერების” უფლებას ფრინველის, კვერცხის, შაქრის, შვრიის, სიმინდის, ბურღულისა და თაფლის გადაჭარბებული იმპორტის შემთხვევაში.
„გადაუდებელი შეჩერების ამოქმედების საანგარიშო პერიოდი იქნება 2022 და 2023 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ პროდუქციის იმპორტი გადააჭარბებს ამ ორი წლის საშუალო მოცულობას, ტარიფები ხელახლა დაწესდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის ქვეყნების ფერმერების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლის დროსაც ისინი იაფ უკრაინულ იმპორტს აპროტესტებდნენ, კომისიამ პირობა დადო, რომ ყველა საჭირო ზომას “სწრაფად მიიღებს” თუ ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული იმპორტის გამო მნიშვნელოვანი შეფერხება დაფიქსირდება.
ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან და გერმანიასთან საზღვრები ევროკავშირის გარემოსდაცვითი რეგულაციებისა და უკრაინიდან იაფი სურსათის იმპორტის გასაპროტესტებლად გადაკეტეს.
20 მარტს გამოცხადებული შეთანხმება ევროპარლამენტმა და ეკონომიკური ბლოკის 27-ვე წევრი ქვეყნის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.