ევროკავშირმა სომხეთს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა

სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებებიდან ერთი წლის შემდეგ, ბრიუსელმა ერევანს ოფიციალურად გადასცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP), – ჩამონათვალი იმ ვალდებულებებისა, რომლებიც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე სომხეთმა უნდა დააკმაყოფილოს.
სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარქისიანი დღეს, 5 ნოემბერს ერევანში შეხვდა ევროკომისიის წარმომადგენელს, – მიგრაციისა და საშინაო საქმეების ვიცე-გენერალურ დირექტორს, იოჰანეს ლუხნერს. სწორედ მან ჩაიტანა სომხეთში VLAP-ი.
სარგსიანის თქმით, სამოქმედო გეგმა მოქალაქეთა მობილურობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით ჩასატარებელი რეფორმების სტრატეგიულ ჩარჩოს წარმოადგენს და იქნება სომხეთსა და ევროკავშირს შორის „ნდობისა და თანამშრომლობის გაძლიერების საკვანძო ეტაპი“.
სამოქმედო გეგმის წარდგენა მოჰყვა სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას 2024 წლის სექტემბერში.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სანამ ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, სომხეთმა ყველა კრიტერიუმი სრულად უნდა დააკმაყოფილოს.
· იდენტური დოკუმენტი – VLAP-ი – საქართველოს 2013 წელს გადასცა ევროკომისიამ.
· სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესს მონიტორინგს ევროკომისია უწევდა ექსპერტთა შემფასებელი მისიების ვიზიტებით; პერიოდულად ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მიეწოდებოდა ანგარიში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე;
· საბოლოო ანგარიში 2015 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა;
· შემდეგ, 2016 წლის მარტში, ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ;
· 2 თებერვალს საკითხს კენჭი ეყარა ევროპარლამენტში და მიღებულ იქნა;
· 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ.
· ამჟამად ბრიუსელში განიხილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღება – თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისათვის, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირებისათვის.
· საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისათვის უვიზო რეჟიმი 2025 წლიდან უკვე გაუქმებულია.
სომხეთმა 2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობას მოუწოდა, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.
ფორუმი