ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო.
ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ზე წერს.
“ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელსაც მიზანში აქვს ამოღებული ჩრდილოვანი ფლოტის დაახლოებით 200 ხომალდი.
ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს.
რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს.
რაც უფრო დიდხანს აწარმოებს რუსეთი ომს, უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი”. – წერს კალასი.
EU-მ ახალი სანქციები მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს სტამბოლში ვლადიმირ პუტინი არ დაესწრო.
18 მაისს გამოცემა Deutsche Welle ევროკავშირის დაუსახელებელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ EU რუსეთის წინააღმდეგ “ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ” სანქციებს ამზადებდა და რუსეთს ერთდროულად სანქციების ოთხ რეჟიმს დაუწესებდა.
გარდა ამისა, 16 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მზადება უკვე დაიწყო. მისივე თქმით, იგეგმება, რომ ახალი პაკეტით გათვალისწინებული იქნება გაზსადენების, Nord Stream-თან და Nord Stream 2-თან დაკავშირებით შეზღუდვები, ნავთობის ფასის დაწევა, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული ხომალდების სიის გაზრდა და ასევე რუსეთის ფინანსური სექტორის სანქცირება.
“პრეზიდენტ პუტინზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ მანამ, სანამ ის მშვიდობისთვის მზად არ იქნება”. – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
პარალელურად, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ვლადიმირ პუტინი თურქეთში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე არ ჩასვლისთვის გააკრიტიკა და დაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირი სანქციების მე-17 პაკეტს 20 მაისს მიიღებს.
მანამდე, 14 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე ევროკავშირის ელჩებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
Kyiv Independent ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი სანქციები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის თითქმის 200 ხომალდს, სანქციების გვერდის ავლაში ჩართულ 30 კომპანიასა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 75 პირსა და სუბიექტს შეეხება.
ამავე დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ყურადღება უნდა დაუთმოს ახალი სანქციების პაკეტს, რათა “გაგუდოს” რუსეთის ეკონომიკა და ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდეს, უკრაინაში ომი დაასრულოს.
“ჩვენ დღეს მე-17 სანქციების [პაკეტს] ვიღებთ. უფრო მეტის გაკეთება დაგვჭირდება, რადგან აქამდე სანქციებმა ვერ დაარწმუნა ვლადიმირ პუტინი, რომ არ გააგრძელოს თავისი აგრესიის ომი.” – განუცხადა ბარომ BFM TV-ს.
“ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რათა გავაფართოოთ დამანგრეველი სანქციები, რომელსაც შეუძლია, ერთხელ და საბოლოოდ გაგუდოს რუსეთს ეკონომიკა”. – დაამატა მან.
tabula.ge
