ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა განახლებული მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ბლოკს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეაჩეროს ვიზალიბერალიზაცია იმ მესამე ქვეყნებისათვის, სადაც უვიზო რეჟიმი ბოროტად გამოიყენება ან ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს.
რა შეიცვალა ახალი რეგულაციით?
· დაემატა ახალი საფუძვლები უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის. ევროკავშირს შეეძლება ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, თუ ქვეყანა არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან.
· უვიზო რეჟიმი შეიძლება შეჩერდეს, თუ სახელმწიფოში მოქმედებს ინვესტიციებით მოქალაქეობის მიღების სქემა, რომელიც უცხოელებს რეალური კავშირის გარეშე ანიჭებს მოქალაქეობას.
· რეჟიმის შეჩერება ასევე შესაძლებელი იქნება, თუ ევროკავშირსა და ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუარესდება, მაგალითად — ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
· • მექანიზმის ამოქმედება გამარტივდა: შეჩერების ტენდენციის დასაფიქსირებლად საჭირო ბარიერი 50%-დან 30%-მდე შემცირდა (ზრდა თავშესაფრის განაცხადებში, უკანონო დარჩენის ან კრიმინალის სტატისტიკაში).
· უვიზო რეჟიმის საწყისი შეჩერების ვადა 9 თვიდან 12 თვემდე იზრდება, გაგრძელების შესაძლებლობით კიდევ 24 თვემდე (ამჟამად 18 თვე).
· ახალი წესები საშუალებას აძლევს ევროკავშირს, მიზანმიმართულად შეაჩეროს უვიზო რეჟიმი მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის, მაგალითად სახელმწიფო მოხელეებისა და დიპლომატებისთვის, და არა მთელი მოსახლეობისთვის ერთიანად.
რეგულაცია ძალაში შევა მისი გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და პირდაპირ გავრცელდება ყველა წევრ ქვეყანაზე.




