ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ავსტრალიის პრემიერმინისტრი, ენტონი ალბანისი, 2026 წლის 24 მარტი.David Gray/AFP via Getty Images24 მარტს ევროკავშირმა და ავსტრალიამ გააფორმეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობა, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2018 წელს დაიწყო.
ევროკავშირმა და ავსტრალიამ შეთანხმება ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებისა და სავაჭრო კავშირების დივერსიფიკაციის სურვილის, ასევე აშშ-ს არაპროგნოზირებადი ტარიფების ფონზე მიაღწიეს.
შეთანხმება კანბერაში, პარლამენტის შენობაში ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ენტონი ალბანისმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გააფორმეს.
“არც ერთი ჩვენგანი არ არის დაცული შოკებისგან – როგორც გეოპოლიტიკური, ისე ეკონომიკური – რომელიც ირანში მიმდინარე ომს ჩვენი მოსახლეობისთვის მოაქვს”. – თქვა შეთანხმების გაფორმების შემდეგ ფონ დერ ლაიენმა.
აქამდე, 2023 წელს სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებები ჩაიშალა. მაშინ ავსტრალია პირობებით უკმაყოფილო იყო და სურდა, რომ ევროკავშირის ბაზარზე სოფლის მეურნეობის მეტი პროდუქტის, კერძოდ საქონლისა და ცხვრის ხორცის, ასევე შაქრის, გატანის უფლება ჰქონოდათ. შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი სტრატეგიული მინერალების რეზერვებზე მეტ წვდომას მიიღებდა. ჩაშლილი მოლაპარაკებები მხარეებმა 2025 წელს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ ტარიფების დაწესების შემდეგ განაახლეს.
გაფორმებული შეთანხებით, ავსტრალიელ ფერმერებს ევროკავშირის ბაზარზე წლიურად 30 000 ტონა საქონლის ხორცის გატანა შეეძლება. აქამდე მათ მხოლოდ 3 389 ტონის გატანა შეეძლოთ. ევროკავშირს გაუმარტივდება ავსტრალიურ მინერალურ რესურსებზე წვდომის მოპოვება, შეეძლებათ ინვესტირება ადგილობრივ მოპოვებასა და მინერალების დამუშავებაში. ევროკავშირის ვაჭრობის კომისრის, მაროშ შეფჩოვიჩის თქმით, ავსტრალიას აქვს “თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მინერალი”, რომელიც ბრიუსელს სჭირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ახალი შეთანხმება ევროკავშირისთვის, რომელიც ჩინეთის რესურსებზე დამოკიდებულების საფრთხის წინაშე იდგა, “უმნიშვნელოვანესი” იქნება. ევროკავშირის პროდუქტს ავსტრალიის ბაზარზე ტარიფების 99% მოეხსნება. თითქმის სრულად გაუქმდება ტარიფები ავსტრალიური პროდუქტის ევროკავშირში გაყიდვაზეც.
რაც შეეხება უსაფრთხოებისა და თავდაცვის შეთანხმებას, ამ სფეროში მხარეებს შორის გაძლიერდება კოორდინაცია, კრიზისის მენეჯმენტისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მისიებსა და ოპერაციებში, ასევე წვრთნებში, კოოპერაცია. თანამშრომლობა გაძლიერდება საზღვაო უსაფრთხოებაში, კიბერუსაფრთხოებასა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედებაშიც. მხარეები დაიწყებენ ახლო თანამშრომლობას თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე, კოსმოსის უსაფრთხოებასა და იარაღის გაუვრცელებლობაზე.