ევროკავშირი RFE/RL-ის დაფინანსებაზე მსჯელობს. კომპანია სამართლებრივ ბრძოლას აპირებს

ევროკავშირი განიხილავს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შესაძლო დაფინანსებას -ის გლობალური მედიის სააგენტოს მიერ გრანტის შეწყვეტის შემდეგ. RFE/RL-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე კი სააგენტოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ კომპანია აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.
17 მარტს ბრიუსელში გამართულ საგარეო საქმეთა საბჭოზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) შესაძლო დაფინანსების შესახებ იმსჯელეს.
მინისტრების სხდომაზე ეს საკითხი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ წამოჭრა.
“მე ეს საკითხი ღია შეკითხვის სახით დავსვი – ვართ თუ არა დაინტერესებულნი, გვქონდეს ასეთი სამსახური, რომელიც ჩვენი სამეზობლოსთვის ასეთი მნიშვნელოვანია?” – განმარტა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
“მივიღე პოზიტიური პასუხები, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ახლა შესაძლო გამოსავალს ვეძებდეთ. არაფერი კონკრეტული. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება ამერიკულ მხარეზე”, – დასძინა მან.
რადიო თავისუფლებას დიპლომატიურმა წყარომ აცნობა, რომ ჩეხების იდეას მაშინვე მხარი დაუჭირეს პოლონელებმა და ბალტიის ქვეყნებმა – ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა. მათი აზრით, RFE/RL-ის მუშაობის შეჩერება იქნება “საჩუქარი ევროპის მეტოქეებისთვის” და მისი დახურვა “გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს დემოკრატიულ მისწრაფებებს მსოფლიოს მასშტაბით”.
14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას შვიდი ფედერალური სააგენტოს, მათ შორის აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) შემცირების შესახებ.
USAGM მეთვალყურეობს მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას, „ამერიკის ხმასა“ და ზოგიერთ სხვა მედიასაშუალებას.
განკარგულების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გასაჯაროვდა USAGM-ის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ წყდება აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი RFE/RL-ისთვის.
ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, RFE/RL-ის დაფინანსებასთან დაკავშირებით ილაპარაკა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმაც.
მან გაიხსენა, როგორ უსმენდა მამამისი ამერიკის ხმასა და რადიო თავისუფლებას პოლონეთის კომუნისტური მმართველობისას.
“ასე ვიგებდით საბაზისო ფაქტებს ჩვენივე ქვეყნების შესახებ, რადგან კომუნისტური პროპაგანდა მკაცრად კონტროლდებოდა”.
რადოსლავ შიკორსკის თქმით, ევროკავშირი იმსჯელებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ახლა.
“ერთი გზა იქნებოდა, რაზეც მე ვისაუბრე – გაგვეზარდა ევროპის დემოკრატიის ფონდის ბიუჯეტი. მაგრამ [ჩეხეთის საგარეო საქმეთა] მინისტრმა ლიპავსკიმ ამ ორი გამოცემის შეძენაზეც კი ილაპარაკა. ჩვენ განხილვის ეტაპზე ვართ მაგრამ ცხადია, ესაა ორი ღირებული ინსტიტუტი, რომელთა მისიაც უნდა გაგრძელდეს”, – თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის შესახებ.
დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე ამ საკითხს შეეხო კაია კალასიც, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში.
“ახლა ჩვენთვის შეკითხვა ასე დგას – შეგვიძლია თუ არა შემოვიდეთ ჩვენი დაფინანსებით და შევავსოთ ის ვაკუუმი, რასაც აშშ ტოვებს. ამ კითხვაზე პასუხია, რომ ავტომატურად ასე არაა.
ბევრი ორგანიზაცია მოდის ჩვენთან ასეთი მოთხოვნით, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მართლაც იყო ბიძგი, რომ ვიმსჯელოთ და გზები გამოვნახოთ. ჩვენი ამოცანაა, ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია”, – თქვა ესტონელმა პოლიტიკოსმა.
საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა, რადიო თავისუფლების მხარი დაუჭირეს სხვა ევროპელმა პოლიტიკოსებმაც. ცენტრისტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა Renew Europe-მა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ევროკავშირს მოუწოდა, დაეხმაროს ორგანიზაციას.
ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა კი დაწერა, რომ “რადიო თავისუფალი ევროპის დაფინანსება ევროკავშირმა უნდა გადაიბაროს”.
RFE/RL სამართლებრივ ბრძოლას აპირებს
ბრიუსელში გამართული დისკუსიის პარალელურად, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ლისა კერტისი, ამბობს, რომ კომპანია გადადგამს ყველა სამართლებრივ ნაბიჯს, რათა საქმიანობის გაგრძელება შეძლოს. კერტისის თანახმად, უკანონოა გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც RFE/RL-ს კუთვნილი დაფინანსება შეუჩერდა.
17 მარტს LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ პოსტში RFE/RL-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ოთხი მიზეზი დაასახელა, რომელთა გამოც, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უკანონოა.
“ესაა ოთხი მიზეზი, რატომაც USAGM-ის მიერ RFE/RL-ისთვის განკუთვნილ სახსრებზე უარის თქმა უკანონოა:
· ის არღვევს RFE/RL-ის მმართველ წესდებას.
· არღვევს კონგრესის ასიგნაციების კანონებს.
· არღვევს აშშ-ის კონსტიტუციას. კონსტიტუციის ასიგნაციებისა და მზრუნველობის აქტების, ასევე კონგრესის მიერ გამოყოფილი სახსრების კონტროლის აქტის უგულებელყოფა არ შეიძლება. [უზენაესი სასამართლოს] მოსამართლე კავანო ამას ეთანხმება და ასეც თქვა ეიკენის ოლქის 2013 წლის გადაწყვეტილებაში.
· და ბოლოს, გრანტის შეჩერება, თავისთავად, უკანონოა”. – წერს ლისა კერტისი.
RFE/RL-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანახმად, კომპანიის სამართლებრივი გუნდი “მზადაა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა უზრუნველყოს, რომ RFE/RL-მა გააგრძელოს კონგრესის მიერ განსაზღვრული მისია”.
USAGM არის აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს ახალი ამბებისა და ინფორმაციის ტრანსლაციას თითქმის 50 ენაზე დაახლოებით 361 მილიონი ადამიანისთვის.
USAGM-ის 2025 წლის ბიუჯეტის მოთხოვნა 950 მილიონი აშშ დოლარი იყო მთელი მისი ოპერაციების დასაფინანსებლად ისეთი მედიასაშუალებებისთვის, როგორიცაა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, „ამერიკის ხმა“, რადიო თავისუფალი აზია, რადიო მარტი (კუბა), ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი (MBN) და ფონდი „ღია ტექნოლოგია“, რომელიც მუშაობს საინტერნეტო პროექტების განვითარებაზე, მათ შორის ონლაინუსაფრთხოებისა და ანონიმურობის სფეროში.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, სტივენ კაპუსმა, შაბათს საღამოს გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ USAGM-თან საგრანტო ხელშეკრულების გაუქმება „უზარმაზარი საჩუქარი იქნება ამერიკის მტრებისთვის“:
„ირანის აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები, ავტოკრატები მოსკოვსა და მინსკში RFE/RL-ის სიკვდილს იზეიმებენ მისი 75 წლის იუბილეს წინ. ჩვენი მოწინააღმდეგეების გამარჯვება მათ უფრო გააძლიერებს, ამერიკას უფრო დაასუსტებს“, – თქვა კაპუსმა განცხადებაში.