ევროკომისიამ მომდევნო კვირაში უნდა წარადგინოს ოფიციალური გეგმა, რომელიც მოიაზრებს რუსეთთან არსებული კონტრაქტების 2027 წლის ბოლომდე შეწყვეტას და კრძალავს ახალი კონტრაქტების გაფორმებას.
ენერგეტიკის ევროკომისარმა დენ იორგენსენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა სრულად შეწყვიტა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი, ასევე რადიკალურად შემცირდა ნავთობის შემოტანაც, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ მიერ ენერგომატარებლების იმპორტის გამო 2022 წლის განმავლობაში რუსეთი ყოველთვიურად მაინც იღებდა ორი მილიარდი დოლარის მოგებას.
„რუსეთი ყველასთვის საფრთხეა. ამიტომ საჭიროა ქმედება და სწორედ ამიტომ ვდგამთ ამ ახალ, მნიშვნელოვან ნაბიჯებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის გადამწყვეტი მოქმედება ჩვენი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და უკრაინის სოლიდარობის გამოსახატად. წლის ბოლოსთვის, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო წარადგენს კონკრეტულ გეგმას იმის შესახებ, როგორ უნდა შეწყვიტოს რუსული ენერგორესურსების იმპორტი.
2027 წლის ბოლოსთვის აღარ ვიქნებით დამოკიდებული რუსულ გაზზე. ეს არ არის პატარა საქმე, არც მარტივი ამოცანაა, მაგრამ შესაძლებელია. ამას გავაკეთებთ თანმიმდევრულად და კოორდინირებულად. ჩვენ ვუჭერთ მხარს წევრ ქვეყნებს. ვლადიმერ პუტინმა აჩვენა, რომ არ ერიდება გაზის იარაღად გამოყენებას. არ უნდა დავუშვათ, კვლავ ასეთ მყიფე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. ასევე არ გვინდა, შევავსოთ მისი სამხედრო ხაზინა და დავუჭიროთ მხარი ომის ეკონომიკას, რადგან არავინ იცის, შემდეგ რომელ ქვეყანას დაემუქრება საფრთხე“, – განაცხადა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში დენ იორგენსენმა.
ევროკომისრის თქმით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ ევროპამ უფრო მეტი თანხა დახარჯა რუსეთიდან ენერგომატარებლის იმპორტზე, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე. იორგენსენი ამბობს, რომ ენერგომატარებლებზე დახარჯული თანხით 2 400 უახლესი თაობის F-35 ტიპის გამანადგურებლის შეძენა იქნებოდა შესაძლებელი.
წყარო: euronews georgia
