ევროკავშირი ყულევის პორტისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს – Reuters

ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამუშავებისთვის საქართველოსა და ინდონეზიის პორტების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ორშაბათს, 9 თებერვალს, გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება და სანქციების სიაში იმ პორტების შეყვანას განიხილავს, რომლებიც რუსულ ნავთობს ამუშავებენ.
საუბარია საქართველოსა და ინდონეზიის პორტებზე. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სანქციების სამიზნე მესამე ქვეყნებში მდებარე პორტები ხდება.
წინადადება, რომელსაც სააგენტო Reuters გაეცნო, სანქციების სიაში საქართველოში მდებარე ყულევისა და ინდონეზიაში მდებარე კარიმუნის პორტების დამატებას ითვალისწინებს.
როგორც Reuters წერს, ეს ნიშნავს, რომ ევროპულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს აღნიშნულ პორტებთან ტრანზაქციების განხორციელება აეკრძალებათ.
სანქციების ეს პაკეტი, რომელიც რიგით მე-20 იქნება რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა (EEAS) და ევროკომისიის მიერ ერთობლივად მომზადდა.
21 ოქტომბერს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ საქართველოში რუსული ნავთობი შემოიტანა.
„როიტერსმა“ LSEG-ის გემების მონაცემებისა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტანკერმა „კაისერმა“ 6 ოქტომბერს რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობტერმინალში 105 340 ტონა ციმბირის ნავთობი გადაიტანა.
საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი „კაისერი“ არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.
· რა ვიცით ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია 2024 წლის 22 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ გამართა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ დოლარს შეადგენდა.
„2028 წლის ბოლოსთვის, საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება. ამის შემდეგ, „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს, ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტები, ასევე პროდუქტი გავა ექსპორტზე ევროპაში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.
„ბლექ სი პეტროლიუმის“ დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი მაკა ასათიანია, ყოფილი მოდელი. „ბლექ სი პეტროლიუმში“ მაკა ასათიანის კომპანია „მკ კაპიტალი“ 70.7 % წილს ფლობს, ხოლო დარჩენილი 29.3 %-ს კომპანია „დუნამისის“ მფლობელობაშია.
საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით „ბლექ სი პეტროლიუმის“ ქონება იპოთეკითაა დატვირთული.
იპოთეკარები არიან – სააქციო საზოგადოება „ბაზისბანკი“, სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუ“, სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველო“ და სააქციო საზოგადოება „საქართველოს განვითარების ფონდი“.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც 2025 წლის მარტში უნდა დაეწყო მუშაობა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
„რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ნოემბერში ნავთობის პირველი პარტია გაუგზავნა საქართველოში, ყულევში გახსნილ ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას,“ – დაწერა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ 21 ოქტომბერს, LSEG-ის გემების მონაცემებსა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით.
რუსული ნავთობის ყულევის ნავსადგურში შემოტანა დაადასტურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმაც.

ასევე დაგაინტერესებთ