ევროკავშირი ქართველ ხალხთან დგას – ევროკომისარი გაფართოების საკითხებში

20 დეკემბერს მარტა კოსმა – ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში – განმარტება გააკეთა ევროკომისიის წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპულ საბჭოს ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ საქართველოსთან დადებული შეთანხმების ნაწილის შეჩერებას სთავაზობს. კერძოდ, ევროკომისიამ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოითხოვა.
მარტა კოსმა განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გააკეთა. მისი თქმით, “ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, წარმოადგენს პასუხს მიმდინარე დემოკრატიულ უკანდახევასა და საქართველოს ოფიციალური პირების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ გამოყენებულ ძალადობრივ რეპრესიებზე”.
კოსი აცხადებს, რომ ევროკომისიამ მთავრობისთვის განსაზღვრული დაფინანსება უკვე გადაამისამართა და მას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას აწვდის. ასევე, განიხილავენ სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის აღმოჩენის გზებს.
“ევროკავშირი ქართველ ხალხთან და მისი ევროპული არჩევანის გვერდში დგას. ევროპული კავშირის კარი კვლავაც ღიაა”, – აცხადებს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა