ევროკავშირის საბჭომ და პარლამენტმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას ევროკავშირის ისტორიაში პირველად „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების“ (SCO) ერთიანი სიის შექმნაზე, რათა დაჩქარდეს თავშესაფრის მოთხოვნების განხილვა.
ამ სიაში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირში თავშესაფრის მიღება გაუჭირდებათ.
უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შევლენ: ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, კოსოვო, ინდოეთი, მაროკო და ტუნისი. მათი მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნები დაჩქარებული წესით განიხილება, ხოლო განმცხადებლებს მოუწევთ იმის დამტკიცება, თუ რატომ არ უნდა გავრცელდეს ეს დებულება მათზე. მესამე ქვეყნის უსაფრთხოდ განსაზღვრა ევროკავშირის დონეზე „თავშესაფრის პროცედურის რეგულაციისა“ და დღეს შეთანხმებული ცვლილებების პირობების შესაბამისად მოხდება. სია მომავალში შეიძლება გაფართოვდეს ევროკავშირის ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურის ფარგლებში.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები ასევე ჩაითვლებიან წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნებად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი გარემოებები (მაგალითად, შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში არსებული განურჩეველი ძალადობა) სხვაგვარად მიუთითებს. სხვა მიზეზებს შორისაა ევროკავშირის მასშტაბით თავშესაფრის მინიჭების 20%-ზე მაღალი მაჩვენებელი ან ეკონომიკური სანქციები, რომლებიც დაწესებულია ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი ქმედებების გამო. ასეთ შემთხვევებში კომისიამ ევროპარლამენტს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
ბოლოდროინდელი ტრენდის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელია შემცირებულია. სექტემბერში თავშესაფრის მინიჭების 20%-ზე მაღალი მაჩვენებელი (21%) საქართველოს მხოლოდ ესპანეთში აქვს. 2024 წელს, საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების საერთო მაჩვენებელი ევროკავშირში 4% იყო.
ეს ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, ექცევა უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში, რაც ევროპარლამენტარების ნაწილისთვის გაუგებარია.
„ამ დარბაზში ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ ანტიდემოკრატიულ გადახრას. ამასობაში, ზედა სართულზე, კომისიამ, საბჭომ და პარლამენტმა თანხმობა განაცხადეს საქართველოს შეყვანაზე ევროპის „წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში. წელს მთავრობის რეპრესიები საქართველოში იყო სასტიკი: თვითნებური დაკავებები, დემონსტრანტების წამება, ოპოზიციური პარტიების გაუქმების წინადადებები, მედიის კრიმინალიზება და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია საათობით ვისაუბროთ საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების ჩამოშლაზე, და მაინც, სწორედ დღეს ევროკავშირი საქართველოს თავისი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად განსაზღვრავს. შესაბამისად, დღეიდან ვისაც ევროპაში დაცვის მოთხოვნა სურს – იქნება ეს პოლიტიკური ოპონენტი თუ ჟურნალისტი, როგორიცაა მზია ამაღლობელი, რომელსაც სახაროვის პრემია გადავეცით – ექნება ბევრად ნაკლები გარანტიები ევროპაში დაცვის სათხოვნელად და ექნება ბევრად ნაკლები უფლებები. გუშინ ჩვენ ყველამ მადლობა გადავუხადეთ ქართველ ხალხს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს და იბრძვის დემოკრატიისთვის. დღეს კი, ალბათ, ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“, — განაცხადა ჩეჩილია სტრადამ, ევროპარლამენტარმა სოციალ-დემოკრატებიდან 17 დეკემბერს, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე.
შეთანხმების მიხედვით, კომისია მონიტორინგს გაუწევს სიაში მყოფ და კანდიდატ ქვეყნებში არსებულ ვითარებას და გარემოებების ცვლილების შემთხვევაში მოახდენს რეაგირებას. მას შეეძლება დროებითი გადაწყვეტილების მიღებაც, რომ ესა თუ ის ქვეყანა აღარ არის უსაფრთხო.
ცნობისთვის, საქართველო, რომელსაც ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი მიანიჭა, აქამდეც იყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა ეს იყო წევრი სახელმწიფოების ეროვნული სიები და არა ერთიანი ევროპული რეესტრი. ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლის კონტექსტში. საქართველოს უვიზო რეჟიმის სიმყარისთვის სჭირდება, რომ ის ევროპაში უსაფრთხო ქვეყნად იყოს აღიარებული. თავის დროზე ევროპის ქვეყნებმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად სწორედ მას შემდეგ აღიარეს, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დააწესეს. ამ სტატუსით ევროპული ქვეყნები ადგენენ პრეზუმფციას, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული სამართალი არ არსებობს. ამით აზღვევენ საქართველოდან უვიზო რეჟიმის პარალელურად თავშესაფრის მოთხოვნების მკვეთრ ზრდას და სისტემის გადატვირთულობას. უცხოელი, რომლის ქვეყანასაც უსაფრთხო სტატუსი არ აქვს, ევროპაში თავშესაფრის განაცხადზე პასუხს იღებს დაახლოებით 6 თვეში (და ამ დროის განმავლობაში იქ ლეგალურად რჩება), ხოლო უსაფრთხო სტატუსის მქონე ქვეყანა – 1 თვეში. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ უსაფრთხოდ აღიარა, გერმანია იყო 2023 წელს, თუმცა 2025 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერლინის სასამართლომ ერთ-ერთი კონკრეტული საქმის განხილვისას ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს “უსაფრთხო სტატუსი”. ბერლინის სასამართლო განიხილავდა ქართველი ცოლ-ქმრის საქმეს, რომლებიც “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდნენ თბილისში და შემდეგ ჩავიდნენ გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად.
წევრ სახელმწიფოებს კვლავ ექნებათ უფლება, ეროვნულ დონეზე განსაზღვრონ დამატებითი წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნები, გარდა იმ ქვეყნებისა, რომელთა სტატუსიც ევროკავშირის სიიდან შეჩერებულია.
შეთანხმებული ტექსტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის ხელშეკრულებების თანახმად, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს კავშირის დონეზე მესამე ქვეყნის „წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნად“ განსაზღვრის მართებულობაზე.
შეთანხმების თანახმად, მესამე ქვეყნის „უსაფრთხო მესამე ქვეყნად“ ან „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად“ განსაზღვრა, როგორც ევროკავშირის, ისე ეროვნულ დონეზე, შეიძლება მოხდეს გამონაკლისებით მისი ტერიტორიის კონკრეტული ნაწილებისთვის ან პირთა მკაფიოდ იდენტიფიცირებადი კატეგორიებისთვის. ეს დებულებები შეიძლება ამოქმედდეს მანამ, სანამ 2026 წლის ივნისში ევროკავშირის თავშესაფრის კანონმდებლობა ძალაში შევა.
წევრ სახელმწიფოებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დაიწყონ დაჩქარებული სასაზღვრო პროცედურების გამოყენება იმ განმცხადებლებისთვის, რომელთა წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირთათვის თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 20%-ზე დაბალია, დღეს შეთანხმებული წესების ძალაში შესვლის მომენტიდან. თავშესაფრის პროცედურის რეგულაცია, რომელიც 2024 წლის მაისში მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტის ფარგლებში იქნა მიღებული, სრულად 2026 წლის 12 ივნისიდან ამოქმედდება.
„დღევანდელი შეთანხმება ადასტურებს გარდამტეხ მომენტს ევროკავშირის მიერ მიგრაციის მართვაში. ეს არის კონკრეტული მიღწევა, რომელიც კავშირს აღჭურავს მკაფიო და სავალდებულო ინსტრუმენტებით მიგრაციული ნაკადებისა და ზეწოლის გასამკლავებლად. დამტკიცებული სია არის პრაქტიკული ინსტრუმენტი პროცედურების დასაჩქარებლად, რესურსების იმათზე ფოკუსირებისთვის, ვისაც დაცვა ეკუთვნის, და იმ ბოროტად გამოყენების შესამცირებლად, რაც ეროვნულ სისტემებს ტვირთად აწვება. ეს ასევე პოლიტიკური პასუხია გადაჭარბებულ განმარტებით გაურკვევლობაზე, რაც წარსულში ახდენდა საზღვრის კონტროლისთვის აუცილებელი ეროვნული ზომების პარალიზებას“, — განაცხადა მომხსენებელმა ალესანდრო ჩირიანიმ (ECR, იტალია).
შეთანხმება ფორმალურად უნდა დაამტკიცონ პარლამენტმა და საბჭომ, ვიდრე ის ძალაში შევა.




