ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკრაინის ფინანსური დახმარება მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც გაგრძელდება, თუმცა ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ ამ მიზნით რუსეთისთვის გაყინული აქტივების გამოყენებაზე.
ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა 23 ოქტომბერს, გვიან ღამით დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ევროკომისიას სთხოვეს, რაც შეიძლება სწრაფად წარმოადგინოს ვარიანტები, რათა უკრაინას 2026-2027 წლებშიც ჰქონდეს თავდაცვისთვის და სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის საბრძოლველად საჭირო რესურსები.
ევროპული საბჭო უკრაინის დაფინანსების საკითხის განხილვას დეკემბერში დაუბრუნდება. დაფინანსების მიზნით ევროპაში გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხს სიფრთხილით ეკიდება ევროკავშირის არაერთი სახელმწიფო. კატეგორიულად ეწინააღმდეგება უნგრეთი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში, ძირითადად, ბელგიაში გაყინულია რუსეთის ცენტრალური ბანკის 140 მილიარდი ევროს აქტივები.
ბელგიის მთავრობა მოითხოვს, რომ რუსეთის აქტივების გამოყენების შემთხვევაში არსებული რისკები ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ გაინაწილოს. გერმანულ მაუწყებლს, DW-ს მოჰყავს ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვეერის განცხადება, რომ თითქმის პოეტური იქნებოდა, თუ რობინ ჰუდის ისტორიის მსგავსად, რუსული ფული უკრაინაში წავიდოდა და ეს საზოგადოებრივი აზრისთვის გამარჯვება იქნებოდა, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის.
რუსეთი აცხადებს, რომ მისი აქტივების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ქურდობა იქნება და დაუყოვნებლივ მოჰყვება საპასუხო მოქმედება, რომელიც დასავლეთს უდიდეს ზარალს მოუტანს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც 23 ოქტომბერს ბრიუსელში გარკვეული ხნით მონაწილეობდა ევროპული საბჭოს სხდომაში, გვიან ღამით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ 2026-2027 წლებში უკრაინის ფინანსური დახმარების შენარჩუნება მნიშვნელოვანი ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რუსეთის აგრესიისგან დასაცავად რუსული აქტივების გამოყენებას პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს და ევროკომისია ყველა საჭირო დეტალს დაამუშავებს.
თუ ევროკავშირი უკრაინის ფინანსური დახმარების გასაგრძელებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე ვერ შეთანხმდება, სხვა სახსრების მოძიება მოუწევს.
ფორუმი




