17 ივლისს ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისია მომავალ თვეებში სომხეთის მთავრობასთან ვიზალიბერალიზაციის დიალოგის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.
“[დიალოგი] ეხება დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრებს, არალეგალური მიგრანტების უკან მიღებას, ასევე შეეხება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხსაც. აქ არის ასობით გვერდი, რაც უნდა შეასრულოს სომხეთმა და ამას წლები დასჭირდება” – წერს რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი.
იოზვიაკის თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის გარდა, 17 ივლისს ევროკავშირმა სომხეთთან დაკავშირებით კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ცნობილია, ევროკავშირი EPF-ის პროგრამის ფარგლებში სომხეთს 10 მილიონი ევროს ღირებულების არალეტალურ სამხედრო დახმარებას მიაწვდის.
საბოლოოდ, სომხეთისთვის უვიზო მიმოსვლის მიღებას ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა დასჭირდება.
