„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას, დაპირისპირებას. აბსოლუტურად გულისტკივილით და წუხილით გეტყვით, რომ არავინ არ დარჩება მოგებული არც ხელისუფლება, არც პოზიცია, არც ოპოზიცია, არც რიგითი მოქალაქე. ყველა, მთელი ქვეყანა დავზარალდებით – უნდა მოვერიოთ ჩვენს პირად გადაწყვეტილებებს და ამბიციებს და უნდა ვთქვათ, რომ კანონი უკან უნდა გაიწვიონ, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ ბიზნესასოციაციების მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, “კანონის მიღებამდე რეალურად უკვე დაიძაბა სიტუაცია, უკვე გაიზარდა და კატასტროფულ სახეს იღებს პოლარიზაცია. შესაბამისად, ეს უნდა შეწყდეს”.
„კანონი, რომელმაც უდიდესი მღელვარება გამოიწვია საზოგადოებაში, პირდაპირ გეტყვით, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოიტანს. ეს ჩემი მოსაზრებაა. ეს მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას, დაპირისპირებას. აბსოლუტურად გულისტკივილით და წუხილით გეტყვით, რომ არავინ არ დარჩება მოგებული არც ხელისუფლება, არც პოზიცია, არც ოპოზიცია, არც რიგითი მოქალაქე. ყველა, მთელი ქვეყანა დავზარალდებით, ვინაიდან მუდმივ მძიმე რეჟიმით უწევს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება. შესაბამისად, ჩვენ რაღაც რესურსიც გავწურეთ, იქნება ეს ადამიანური თუ ფსიქოლოგიური რესურსი, ეს არის მოქალაქეების დამოკიდებულება ყველაფერი იმისადმი, რაც ხდება. ამიტომ, რომ არ მოხდეს საზოგადოებაში ასეთი დაპირისპირება, რომ არ მოხდეს პოლარიზაცია, ჩვენ მივმართეთ 17 აპრილის განცხადებით პარლამენტს, რომ ყურადღებით აწონდაწონოს ის რისკები, რაც შეიძლება კანონის მიღებას მოჰყვეს. ჩვენ ვნახეთ, რომ კანონის მიღებამდე რეალურად უკვე დაიძაბა სიტუაცია, უკვე გაიზარდა და ვიტყოდი, კატასტროფულ სახეს იღებს პოლარიზაცია. შესაბამისად, ეს უნდა შეწყდეს. ეს არის ჩვენი, როგორც მოქალაქეების, ასევე ბიზნესასოციაციების მოსაზრება. ჩვენ არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნით, მხოლოდ იმ ადამიანების ნაწილს, რომელსაც სჭირდება ქვეყნის განვითარება და თავისუფლება. უნდა მოვერიოთ ჩვენს პირად გადაწყვეტილებებს და ამბიციებს და უნდა ვთქვათ, რომ კანონი უკან უნდა გაიწვიონ”,- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
პრესკონფერენციაში სხვადასხვა ქართული და უცხოური ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. თითოეულმა წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას და აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და საჭიროა, რომ ის უკან გამოიწვიონ.
ამასთან, კითხვაზე არიან თუ არა პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი ბიზნესასოციაციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე მიწვეული, ზვიად ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ არა.
„ჩვენ, როგორც ბიზნესასოციაციები მიწვეულები არ ვართ, როგორც მივხვდი ბიზნესკომპანიებთან არის შეხვედრა და არა ასოციაციებთან”,- განაცხადა ჭუმბურიძემ.