ევროკავშირი საქართველოს მოქმედებათა კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს

ევროპული საბჭო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს.
ევროკავშირის ლიდერების დასკვნით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან მიმართებაში უკუსვლას წარმოადგენს.
ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში ცვლილების საშუალებით არსებულ მოქმედებათა კურსში, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიყავს.
ევროპული საბჭო მოუწოდებს, რომ საქართველოში შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მზარდი შემთხვევები. საბჭო კვლავ აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, არსებითია იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება.
ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ საპარლამენტო შემოდგომაზე იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მხარს უჭერს პარტნიორების მხრიდან არჩევნებზე გრძელვადიან და მოკლევადიან სიღრმისეულ დაკვირვებას.
საბჭო აცხადებს, რომ სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძობს. ამასთან, კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ის კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მოსახლეობისადმი და მზაობას, განაგრძოს მისი მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
ევროპული საბჭოს სხდომის დასკვნაში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ ბლოკის საპასუხო ზომებზე საუბარი არ არის. როგორც მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, მან მოამზადა მოკლე და გრძელვადიანი ზომების პაკეტი, რომელთა შორისაა საქართველოს ხელისფლებასთან პოლიტიკური დიალოგის შემცირება და დაფინანსების გადახედვა. ბორელის თქმით, ერთი ქვეყანა (სავარაუდოდ, უნგრეთი) ეწინააღმდეგება ზომების მიღებას, თუმცა ყველა წინადადება ბლოკის ერთსულოვან მხარდაჭერას არ საჭიროებს.