ევროკავშირში კვლავ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკმა დაისახა გეგმა 2027 წლისთვის რუსული გაზის იმპორტის დასასრულებლად, ამ მიმართულებით სხვადასხვა წევრი ქვეყნების პროგრესი არათანაბარია.
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 2 წელიწადზე მეტია მიმდინარეობას, დროის ამ პერიოდში ევროკავშირმა მოსკოვს უამრავი სანქცია დაუწესა, მაგრამ ევროპის კონტინენტი კვლავ საკმაოდ დამოკიდებულია რუსულ გაზზე.
ვითარება არც კურსკის რეგიონში უკრაინის სახმელეთო ოპერაციამ შეცვალა. სწორედ ამ რეგიონში მდებარეობს სუჯის სადგური, სადაც დასავლეთ ციმბირიდან მიედინება გაზი. შემდეგ კი უკრაინის გავლით აღწევს ევროკავშირში, ავსტრიაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში.
უკრაინის გაზის ტრანზიტის სისტემის ოპერატორის თანახმად, 3 სექტემბერს 42 მილიონი კუბური მეტრის გაზის გადატანა იყო დაგეგმილი ამ სადგურზე, რაც დაახლოებით შეესაბამება ბოლო თვის საშუალო მაჩვენებელს.
ომის დაწყებამდე კიევმა და მოსკოვმა მიაღწიეს ხუთწლიან შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი დასთანხმდა გაზის განსაზღვრული ოდენობის გაგზავნას უკრაინის გაზსადენი სისტემით, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენდა.
ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად, რუსული ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომი” იღებს თანხას, ხოლო უკრაინა ტრანზიტის საფასურს. თუმცა ამ შეთანხმების მოქმედების ვადა მიმდინარე წლის ბოლოს იწურება და როგორც უკრაინის ენერგიის მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა არ აპირებს მის გახანგრძლივებას.
ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე რუსეთი ევროპის ბუნებრივი გაზის დაახლოებით 40%-ს ამარაგებდა ბალტიის ზღვის ქვეშ არსებული ნორდსტრიმის გაზსადენებით. ხოლო როდესაც დაიწყო ომი, კრემლმა გადაჭრა მომარაგების დიდი ნაწილი.
ევროპამ რუსეთის ეს გადაწყვეტილება შანტაჟად დაახასიათა და დასახა გეგმები 2027 წლამდე რუსული გაზის იმპორტის სრულად აღმფხვრის მიზნით. ამ თემაზე ისაუბრა ჩეხეთის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ. მან განაცხადა, რომ ევროკავშირმა, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებმა, უნდა გააძლიერონ ძალისხმევა რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასასრულებლად.
„რუსეთმა არაერთხელ აჩვენა, რომ ის არასანდო სავაჭრო პარტნიორია, რომელსაც სურს გამოიყენოს ენერგომომარაგება, როგორც იარაღი ჩვენი ენერგეტიკული ბაზრისა და მთელი ეკონომიკის რღვევისა და დესტაბილიზაციისთვის. აშკარაა, რომ არაფერი შეიცვლება უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მიმდინარეობის პერიოდში. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი შეჩერდება, პირველ რიგში ალტერნატიული მომწოდებელი უნდა მოიძებნოს. ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ ისეთი სიტუაცია, სადაც ვიყიდით გაზს, რომელიც ფორმალურად არ არის რუსული, მაგრამ გზაში რუსული გაზით ჩანაცვლდება. ეს ძირს გამოუთხრის ჩვენს ძალისხმევას, შევამციროთ დამოკიდებულება რუსულ გაზზე“, – განაცხადა ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ.
მიუხედავად ყველაფრისა, ევროპას სრულად რუსული გაზი არასდროს აუკრძალავს. ევროკავშირმა შეიმუშავა გეგმა 2027 წლამდე რუსული გაზის იმპორტის დასრულებისთვის, თუმცა პროგრესი ამ მიმართულებით ძალიან განსხვავებულია წევრ სახელმწიფოებს შორის.
მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ავსტრიამ გაზარდა რუსული გაზის იმპორტი 80%-დან 98%-მდე. იტალია კი პირდაპირი იმპორტის შეწყვეტის მიუხედავად, მაინც იღებს რუსული წარმოშობის გაზს ავსტრიის მეშვეობით.
ევროპა ასევე აგრძელებს გათხევადებული გაზის იმპორტს. სავაჭრო მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საფრანგეთში გათხევადებული გაზის იმპორტი გაორმაგდა. ამავდროულად, ევროკავშირის წევრმა რუმინეთმა და უნგრეთმა გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან, საიდანაც შემოაქვთ რუსული გაზი.
ექსპერტების მოსაზრებით, ევროკავშირის მხრიდან რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობა „შთამბეჭდავია”, მაგრამ პოლიტიკური რეალობის გამო ევროპის ქვეყნებისთვის უკიდურესად რთულია ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია, ალტერნატივის მოძებნა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნებს ამავდროულად უწევთ ინფლაციასა და ცხოვრების მაღალ ხარჯებთან გამკლავება.
წყატრო: “ევრონიუს ჯორჯია”