ნებისმიერი კონფლიქტის დასასრულებლად დათმობაზე ყველა მხარე უნდა წავიდეს, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ერ-რიადში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მიზანი არის ამ კონფლიქტის დასრულება სამართლიანად, გრძელვადიანად და მდგრადად.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოლაპარაკებებში ევროკავშირის მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ნებისმიერი კონფლიქტის დასასრულებლად დათმობაზე ყველა მხარე უნდა წავიდეს. მე წინასწარ არ განვსაზღვრავ, რა არის ეს დათმობები. ამაზე ნამდვილად ვერ მოვილაპარაკებთ დღეს ან პრესკონფერენციაზე, მაგრამ სხვა მხარეებსაც აქვთ დაწესებული სანქციები. ევროკავშირი რაღაც ეტაპზე უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგანაც მათ აქვთ დაწესებული სანქციები. ჩვენ შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებების მიზანი არის ამ კონფლიქტის დასრულება სამართლიანად, გრძელვადიანად და მდგრადად და ისე, რომ ეს ყველა ჩართული მხარისთვის მისაღები იყოს. როგორ იქნება ეს? სწორედ ამას შეეხება მოლაპარაკებები“, – განაცხადა რუბიომ.
