ევროკავშირი მხარს უჭერეს ელენე ხოშტარიას და ყველა პოლიტპატიმარს – ევროკომისიის პრესსპიკერი

ევროკომისიის პრესსპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერი ევროკავშირის სახელით სოლიდარობას უცხადებს საქართველოში დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას, „ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს“ და მათ გათავისუფლებას ითხოვს.
„უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა 16 სექტემბერს ბრიუსელში „ფორმულას“ კითხვაზე პასუხად.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ხელისუფლებას მათი „დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“ მოუწოდებს. რაც შეეხება კითხვას, თუ რა ზომებს იღებს ბრიუსელი საპასუხოდ, ჰიპერმა განაცხადა:
„ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები და ვაგრძელებთ გზებისა და ვარიანტების შესწავლას, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით“.
მისი თქმით, ეს პროცესი უკვე დაიწყო: „[ამ საკითხის განხილვა] უკვე დაიწყო უმაღლესი წარმომადგენლის [კაია კალასის] მიერ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (FAC) გამოყენებით, ასევე ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე“.
ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ განიხილავენ, რა შეიძლება გააკეთონ, „დაწყებული სანქციებით და დამთავრებული უვიზო რეჟიმის შეჩერებითა და სხვა ვარიანტებით“.
„პარალელურად, ჩვენ სრულად შევაჩერეთ პოლიტიკური კონტაქტები, შევუწყვიტეთ ხელისუფლებას ფინანსური დახმარება და გავზარდეთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა მან.
ხოშტარია უარს აცხადებს დაცვის უფლებაზე
მას შემდეგ, რაც დღეს, 16 სექტემბერს ელენე ხოშტარია თავისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ მოინახულა, ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსი უარს ამბობს დაცვის უფლებაზე.
ის ასევე არ გეგმავს სასამართლოზე გამოცხადებას და ამბობს: „ამ ფარსში მილიმეტრითაც კი მონაწილეობის მიღება დაუშვებლად მიმაჩნია“.
ხოშტარიას ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია:
„უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ, არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ. კერონ, ჭრან, წერონ და იკითხონ“.
ელენე ხოშტარიას დაკავება
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია „დროას“ დამფუძნებელი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს.
კვირას, 14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე დააწერა: „რუსული ოცნება“.
„რამდენჯერად მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძის ბანერს, რომ რუსების მონაა!” – განაცხადა მან.
ხოშტარიას თქმით, მისი მოტივაცია იყო აქტივისტ მეგი დიასამიძის მხარდაჭერა – დიასამიძე 10 სექტემბერს დააკავეს მსგავსი ფაქტის გამო.
„ადამიანი ტყუილად დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ ბანერზე დააწერა“, – თქვა ხოშტარიამ და დასძინა: „რა რეაგირება ექნებათ, არ მაინტერესებს. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი ლოგიკით მოქმედებს, როცა მოუნდებათ, დაგიჭერენ და როცა მოუნდებათ, არ დაგიჭერენ“.
სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, – 187-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, – ისჯება:
· ჯარიმით;
· საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 100-180 საათამდე;
· გამასწორებელი სამუშაოთი;
· შინაპატიმრობით;
· ან ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.
15 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში მხოლოდ იმას წერს, რომ „დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

ასევე დაგაინტერესებთ