ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ ხელისუფლება ამჟამინდელ ქმედებებს შეცვლის – ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლით შეშფოთებულია და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას.
„ევროკავშირის განცხადება საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით: გვაქვს პატივი, ვისაუბროთ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების სახელით. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებების მდგომარეობით და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლით.
1-3 სექტემბერს, ოცდაერთ ადამიანს ბრალი წაუყენეს ჯგუფური ძალადობის „ორგანიზებაში“ ან „მონაწილეობაში“, ნარკოტიკების უკანონო შენახვაში ან განზრახ სხეულის დაზიანებაში, მაშინ, როცა სასამართლო პროცესები გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ორი ლიდერი ცოტა ხნის წინ შეიწყალეს, სხვები დაკავებულები არიან და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების და გამოხატვის უფლებას, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას.
ვიხსენებთ, რომ ფუნქციონირებადი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის კრიტიკული კომპონენტია, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, უზრუნველყოს, რომ მისმა დინამიკურმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება და აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად ჩაერთოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს გადაწყვეტილება შვიდი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ვენეციის კომისიის ყველა მიმდინარე რეკომენდაცია.
ვწუხვართ, რომ საქართველომ არ მოიწვია რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კონგრესი მოახლოებული არჩევნების დასაკვირვებლად და დროულად არ გასცა ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მოწვევა. ხაზგასმით აღვნიშნავთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ამჟამინდელ ქმედებებს.
განცხადებას უერთდებიან ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო“, – ნათქვამია განცხადებაში.
