ევროკავშირი მგლებზე ნადირობის შეზღუდვას ამსუბუქებს

წლების წინ ევროპაში მგლებს გადაშენება ემუქრებოდათ, მაგრამ მათი დაცვის პროგრამების წყალობით პრობლემა მეტწილად მოგვარდა და კონტინენტზე მგლების რაოდენობაც შესამჩნევად გაიზარდა. ახლა კი, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, რომ არსებული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და მნიშვნელოვნად შერბილდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ევროპაში მგლებზე ნადირობისთვის კვოტები დაბრუნდეს.
„მგლების პოპულაციის გაფართოება ადამიანის საქმიანობას უშლის ხელს. ეს განსაკუთრებით აზიანებს მეცხოველეობას. კონკრეტულ ტერიტორიებსა და რეგიონებში მგლების მომრავლების თვალსაზრისით ძლიერი ზეწოლა იგრძნობა“, – ამბობს ადალბერტ იანცი, ევროკომისიის სპიკერი.
ფერმერული ორგანიზაციები მგლების მიერ შინაური ცხოველებისთვის მიყენებული ზიანის გამო მათი დაცვის პოლიტიკის შეცვლას ითხოვდნენ. ევროკომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის ევროკავშირში 20 300 მგელია და მათი რაოდენობა სტაბილურად იზრდება. აქ მგლები ყოველწლიურად სულ მცირე 65 000 ცხოველს კლავენ, მათგან 73%-ს ცხვრები და თხები, 19%-ს მსხვილფეხა რქოსანი ცხოველები, 6%-ს კი ცხენები და ვირები შეადგენენ.
ბუნების დამცველები ამ ცვლილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ და გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებდნენ.
„ძალიან სამწუხარო დღეა, რადგან მგლების პოპულაციის აღდგენა ევროპაში ცხოველთა სახეობის გადარჩენის ერთ-ერთი წარმატებული ისტორიაა. ეს უნდა აღინიშნოს, როგორც დიდი წარმატება, თუმცა ამის ნაცვლად ევროკავშირს ძალიან სამარცხვინო გზავნილი აქვს“, – ამბობს საბიენ ლიმანსი, WWF-ის ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის უფროსი ოფიცერი.
ქვეყნების დიდმა უმრავლესობამ წინადადებას მხარი დაუჭირა. ცვლილების წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ირლანდიისა და ესპანეთის ელჩებმა მისცეს. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა სლოვენიამ, კვიპროსმა, მალტამ და ბელგიამ.
წყარო: euronewsgeorgia