ოთხშაბათს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა კაია კალასმა მოუწოდა 27 წევრ ქვეყანას, გაზარდონ ტარიფები ზოგიერთ ისრაელურ საქონელზე და დაუწესონ სანქციები პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს კაბინეტის ორი წევრს – ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, ითამარ ბენ-გვირსა და ფინანსთა მინისტრს, ბეზალელ სმოტიჩს.
მან ასევე მოითხოვა ჰამასის 10 ლიდერის სანქცირება.
„ჩვენ ვთავაზობთ ამ ზომებს არა ისრაელის ან ისრაელის ხალხის დასასჯელად, არამედ იმისთვის, რომ რეალურად შევეცადოთ ისრაელის მთავრობაზე ზეწოლა მოვახდინოთ კურსის შეცვლისა და ღაზაში ადამიანური ტანჯვის დასრულებისათვის“, – განაცხადა კალასმა ბრიუსელში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. „ომი უნდა დასრულდეს, ტანჯვა უნდა შეწყდეს და ყველა მძევალი უნდა გათავისუფლდეს“.
სანქციები გაყინავს ინდივიდების ევროპულ აქტივებს და აუკრძალავს ევროკავშირის შიგნით მოგზაურობას.
ევროკავშირი ისრაელის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ ტარიფებს შეიძლება შორს მიმავალი გავლენა ჰქონდეს ისრაელის ეკონომიკაზე, რომელიც ისედაც დაზარალებულია ხანგრძლივი ომის ხარჯებით.
ისრაელი უარყოფს, რომ ღაზაში შიმშილია და აცხადებს, რომ საკმარისი ჰუმანიტარული დახმარების მიღების საშუალებას იძლევა.
შემოთავაზებული სანქციები ასახავს ევროპასა და ისრაელს შორის ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებას. გასულ კვირას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა შეცვალა თავისი მკვეთრი პრო-ისრაელური პოზიცია და მოუწოდა ევროპას ისრაელზე ზეწოლისკენ ღაზაში მისი სამხედრო კამპანიის გამო.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა მკაცრი წერილი გაუგზავნა ფონ დერ ლაიენს, რომელშიც იგი ტერორისტული ორგანიზაციის გაძლიერებაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ ისრაელი ევროპულ კამპანიას წინააღმდეგობას გაუწევს.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ისრაელის მიმართ ერთიანი პოზიცია არ არსებობს. გაურკვეველია, დათანხმდება თუ არა უმრავლესობა სანქციებისა და სავაჭრო ზომების მხარდაჭერას.
