ევროკავშირი, თუ ჩინეთი და დსთ? – პაპუაშვილის ანტიკონსტიტუციური განცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მორიგ ანტიევროპულ განცხადებას ავრცელებს – “ქართული ოცნების” წევრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება “სუვერენიტეტის ნაწილისა და ეკონომიკური თავისუფლების დათმობას” ნიშნავს.
“ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი როგორ უნდა გვქონდეს, ადამიანი აქ მიტინგებზე დადის, რა ვქნათ, ამას ხომ ჩვენ ვერაფერ ვერ ვუშველით. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია, ჩვენ ჩვენი განვითარება გვქონდეს, ჩვენ გავუსწროთ ევროკავშირს ევროპული განვითარების ტემპებით და როცა განვვითარდებით ეკონომიკურად და ინსტიტუციურად ვიქნებით 2030 წელს იმ დონეზე, რომელზეც ვიქნებით, შეიძლება, იქით შეგვეხვეწოს კიდევ ვიღაც, რომ შევიდეთ ამა თუ იმ გაერთიანებაში და შევიზღუდოთ თავი. იმიტომ, რომ გაერთიანების წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას. ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის გაუქმება მოგვიწევს, თუნდაც ჩინეთთან და ბევრ სხვა დსთ-ს წევრ ქვეყანასთან. იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება? ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.