ევროკავშირმა განაცხადა, რომ ვენესუელელი ხალხის ნების პატივისცემა „დემოკრატიის აღდგენის ერთადერთი გზაა“ აშშ-ს მიერ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ.
განცხადებაში, რომელსაც მხარს უჭერდა 26 წევრი სახელმწიფო – ყველა უნგრეთის გარდა – ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა კაია კალასმა მოუწოდა „ყველა მხარეს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ესკალაცია და უზრუნველყოფილი იქნას კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა“.
„ვენესუელელი ხალხის ნების პატივისცემა კვლავ რჩება ვენესუელისთვის დემოკრატიის აღდგენისა და არსებული კრიზისის მოგვარების ერთადერთ გზად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ განცხადების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მუქარა გამოთქვა, რომ ვენესუელის ახალი მმართველი „დიდ საფასურს“ გადაიხდის, თუ ის აშშ-თან არ ითანამშრომლებს მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა მისი ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო დააკავეს.
თუ დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი „სწორად არ მოიქცევა, ის ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის, სავარაუდოდ, მადუროზე მეტსაც“, – განუცხადა ტრამპმა The Atlantic-ს
ტელეფონით ინტერვიუში, იტყობინება AFP-ის სააგენტო.
ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პადრინომ მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც როდრიგესი 90 დღით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
გაეროს უშიშროების საბჭო 5 იანვარს გამართავს სხდომას ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის გარშემო. გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ს ამ ნაბიჯს “სახიფათო პრეცედენტი“ უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ თავისმა ქვეყანამ „წარმატებით მიიტანა ფართომასშტაბიანი იერიში ვენესუელასა და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც თავის ცოლთან ერთად იქნა დაკავებული და თვითმფრინავით გაყვანილი ქვეყნიდან.
მადურო 5 იანვარს წარდგება ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე.
ფორუმი




