ევროკავშირი ელენე ხოშტარიასთვის პატიმრობის მისჯას არაპროპორციულ ზომად აფასებს

ევროკავშირი ელენე ხოშტარიასთვის პატიმრობის მისჯას არაპროპორციულ ზომად აფასებს.

ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ელენე ხოშტარიას შესახებ „პუბლიკის“ კითხვის პასუხად თქვა:
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის 18-თვიანი პატიმრობის მისჯა არაპროპორციულია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უწყვეტ რეპრესებს დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დასრულდეს. ეს ოპოზიციის, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გრძელი ჯაჭვის ნაწილია, ვინც ფუნდამენტური უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვის.
ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“.
24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წელი და ექვსი თვე მიუსაჯა.
პროკურატურა მას ედავებოდა სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უწყების პოზიციით, ხოშტარიამ დააზიანა სამი საარჩევნო ბანერი – ზიანმა 570 ლარი შეადგინა.

2025 წლის 14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა „რუსული ოცნება“, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტ მეგი დიასამიძეს, რომელიც ასევე კალაძის ბანერის დაზიანების გამოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. „დროას“ ლიდერი 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს.