ევროკავშირი გმობს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს

„ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო, დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესპიკერმა, ანიტა ჰიპერმა.
მისი თქმით, მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლების უფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.
„ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება დევნის ან გაუმართლებელი შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და მისი გაჩუმებისკენ, სწორედ დემოკრატიის საფუძველს უთხრის ძირს, არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ჰიპერმა.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და ასევე უსამართლოდ დაკავებული პირები, უზრუნველყოს და დაიცვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის არსებითი საყრდენი.
„ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მის ევროპულ მისწრაფებებს და ურყევად ერთგული რჩება სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის“, – ნათქვამია განცხადებაში.