ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი ეხმაურება ბოლო დღეებში, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
იგი პლატფორმა X-ზე წერს, რომ უნდა გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული მომიტინგეები, ხოლო “უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების ქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს”.
“ევროკავშირი გმობს ამ შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას.
უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. ამ უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების ქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს”, – აცხადებს ანიტა ჰიპერი.
11 იანვარს, ბათუმში, გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებელი და რედაქტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
თავდაპირველად, იგი საპროტესტო აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, დაკავებიდან ორ საათში გამოუშვეს და გამოშვებიდან მალევე კიდევ ერთხელ დააკავეს.
ადვოკატებამდე მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა – დაკავებულმა მას უთხრა, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან, რომელმაც ის მას შემდეგ დააკავა, რაც გათავისუფლების შემდეგ ხელი, რომელზეც დაკავებისას ძალიან უჭერდნენ და სტკიოდა, გათავისუფლების შემდეგ ძლიერად აიქნია და უნებურად პოლიციელს მოარტყა.
12 იანვარს, თბილისში რესტორან “ბაბილოსთან” გამართულ საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი დააკავა.
ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის. დაკავებულთა შორის არიან „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი.
აქციის მონაწილეები რესტორანთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც იქ მოსამართლეებმა დაიწყეს კორპორაციულ წვეულებაზე მისვლა.
რესტორანში შესასვლელად მოსამართლეებს ე.წ. სირცხვილის დერეფნის გავლა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეძახილების მოსმენა მოუწიათ. აქციის მონაწილეებმა მოსამართლეებს ასევე ესროლეს კვერცხები.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის გამოც საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო.
ფორუმი