ევროკავშირი განიხილავს საფრანგეთის წინადადებას ახალი ტიპის სანქციების შემოსაღებად იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირისა და მესამე ქვეყნებში რუსეთის გავლენის გამტარები არიან, ხელს უშლიან დემოკრატიის განვითარებას, იწვევენ დესტაბილიზაციას და იყენებენ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს.
საფრანგეთის წინადადებას მხარს უჭერენ ნიდერლანდების სამეფო, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი. ინიციატივას დასამტკიცებლად ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება.
დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ექსკლუზიურად მოიპოვა, ნათქვამია, რომ ამგვარი სანქციების საჭიროება მსოფლიოში რუსეთთან დაკავშირებული აქტორების მადესტაბილიზირებელი გავლენის გაზრდამ გამოიწვია, რაც ძირს უთხრის ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების მიზნებს, ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას, აფერხებს კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვას და ეჭვქვეშ აყენებს ადამიანის უფლებების უპირობო პატივისცემის ვალდებულებას.
“თუკი შემოღებული იქნება სანქციების ახალი რეჟიმი, ამით ევროკავშირი დაადასტურებს მის წამყვან როლს რუსეთის მიერ მართული დესტაბილიზაციების მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლაში” – ნათქვამია დოკუმენტში.
სანქციების ახალი რეჟიმი გულისხმობს ისეთი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის შეზღუდვების დაწესებას, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან ან მათ გადაწყვეტილების მიმღებებთან.
სანქციების ახალი რეჟიმის სამიზნეები იქნებიან:
· ისეთი ქმედებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები, რაც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების, ან მესამე ქვეყნის სტაბილურობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებას, კანონის უზენაესობას, ნებისმიერი ჩამოთვლილი საშუალებით:
· დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების ძირის გამოთხრა ან შეფერხება, მათ შორის, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ხელის შეშლა;
· კონსტიტუტუციური წესრიგის დესტაბილიზაციაა ან დესტაბილიზაციის მცდელობა;
· ძალადობრივი დემონსტრაციების ან ძალადობის აქტების დაგეგმვა, ხელმძღვანელობა, პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა;
· ინფორმაციით მანიპულირება და კოორდინირებული კამპანიების მართვა, პირდაპირ ან ირიბად;
სანქციები ასევე დაემუქრებათ:
· ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალადობისკენ მიმართული აქტივობების ორგანიზატორებს ან შემსრულებლებს
· მესამე ქვყენებში შეიარაღებული კონფლიქტების და არასტაბილური ვითარებების ორგანიზატორებს;
· ბუნებრივი რესურსებით მოვაჭრე და ველური ბუნების ექსპლუატატორებს, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტებს, არასტაბილურობას და დაუცველობას იყენებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად’
· ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი მავნე საქმიანობით დაკავებულ აქტორებთან არის დაკავშირებული.
ისე, როგორც ევროკავშირის ავტონომიური სანქციების უმეტესობა, ეს ახალი რეჟიმი დამტკიცების შემთხვევაში გულისხმობს აქტივების გაყინვას და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ევროკავშირის ტერიტორიაზე.
უცნობია, როდისთვის მოხერხდება, ან მოხერხდება თუ არა ამ წინადადებაზე 27-ივე სახელმწიფოს დათანხმება, თუმცა რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით საგულისხმოა, წინადადების ავტორი საფრანგეთია და მას მხარს უჭერს კიდევ დასავლეთ ევროპული მძიმეწონოსანი.