ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა მომავალში შეიძლება უფრო ნაყოფიერი გახდეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი აზერბაიჯანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
„ევროკავშირი აზერბაიჯანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 20 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წელს გაცემული მანდატის საფუძველზე, 2017 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ახალი ყოვლისმომცველი შეთანხმების პროექტზე. მრავალწლიანი მოლაპარაკებების შედეგად შესაძლებელი გახდა შეთანხმების მიღწევა სხვადასხვა მიმართულების საკითხების 90 პროცენტზე. თუმცა, რიგ თემებზე, ძირითადად ვაჭრობასა და ეკონომიკასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების პროცესში რჩება ღია საკითხები. ბოლო წლებში ამ პროცესში გარკვეული სტაგნაცია შეინიშნებოდა. ურთიერთშეთანხმება იმაში მდგომარეობს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ორივე მხარე გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით დარჩენილი ღია საკითხების დასასრულებლად. ამავდროულად, ბოლო პერიოდში რეგიონშიც და მთლიანად მსოფლიოშიც არსებული ახალი რეალობების, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ახალი პოტენციური მიმართულებების, ასევე ევროკავშირის ახალი გეგმების გათვალისწინებით რეგიონისა და ცენტრალური აზიის მიმართ, მიგვაჩნია, რომ შეთანხმება შეიძლება დამატებით გამდიდრდეს“, – განაცხადა ბაირამოვმა.
ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მრავალი წლის განმავლობაში რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში
მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპული ქვეყნების მიმართვის საფუძველზე, აზერბაიჯანიდან ევროპულ ბაზარზე გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„დღეს აზერბაიჯანის გაზის მიწოდების გეოგრაფია მოიცავს 12 ქვეყანას. მათგან 10 ევროპული ქვეყანაა, და 8 მათგანი ევროკავშირის წევრია. დღეს ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები არსებული თანამშრომლობისა და ამ მიმართულებით პერსპექტივების შესახებ“, – განაცხადა მინისტრმა.
წყარო: 1 არხი
