“ევროკავშირის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის “დებიძინიზაციის” შემდეგ” – რასა იუკნევიჩიენე

ევროპალრამენტის წევრმა ლიეტუვიდან, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან კვლავ “დებიძინიზაციაზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ოლიგარქიულ სისტემასთან. ამის შესახებ მან დღეს, 13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ისაუბრა.
„ამიერიდან ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა მიმართოს როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე „ქართულ ოცნებას”, რომელმაც მათ წაართვა. ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ოლიგარქიულ სისტემასთან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ევროკავშირის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის “დებიძინიზაციის” შემდეგ”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
იუკნევიჩიენემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები არ იყო დემოკრატიული და ისინი ვერ აღიარებენ შედეგებს.
„ქართულ ოცნებას” არ გაუმარჯვია. საჭიროა მოვითხოვოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი უკვე გაყინულია, ეს ასეც დარჩება”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.
მან ასევე ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის შესახებაც და აღნიშნა, რომ უნდა გადაფასდეს იმსახურებს თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტატუსის შენარჩუნებას:
„საჭიროა გადავხედოთ, რჩება თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტატუსის შენარჩუნების კანდიდატად. მეტად ვეღარ გავამართლებთ ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. ამას სევდით ვამბობ. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი მხარს უჭერენ პროევროპულ გზას და ჩვენ ევროკავშირში მხარს ვუჭერთ მათ”, – თქვა მან.
რასა იუკნევიჩიენემ ტერმინი “დებიძინიზაცია” ევროპარლამენტში პირველად 2022 წელს გამოიყენა, როცა საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიურ ანგარიშს განიხილავდნენ. მაშინ მან განმარტა, რომ დეოლიგარქიზაციაში, რომელიც ევროკომისიის წინადადებაში იყო აღნიშნული, სწორედ “დებიძინიზაცია” ან “დეივანიშვილიზაცია” იგულისხმებოდა.
დღეს, 13 ნოემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს შესახებ დებატები იმართება.
“საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” – ამ სახელწოდებით დებატების ინიციატორი ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზოა, ის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ექვს კოლეგასთან ერთად. იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე დებატები 13-14 ნოემბრის პლენარული სესიის დღის წესრიგში შესულიყო, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ.
დღევანდელ სესიაზე ნატალი ლუაზომ წინადადება, დააყენა, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს, მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 309 ევროპარლამენტარმა, 191 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი თავი შეიკავა.