ევროკავშირის წევრებმა სანქციები უნდა დაუწესონ ძალადობაზე პასუხისმგებლებს – HRW

ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის განცხადებით, თბილისში მიმდინარე აქციებისას, რომელიც ძირითადად მშვიდობიანი იყო, საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობას მიმართეს.
როგორც Human Rights Watch აცხადებს, ფართოდ გავრცელებულ და აშკარად სადამსჯელო ქმედებებში ჩანდა, რომ საპოლიციო ძალები ავიწროებდნენ, სასტიკად აკავებდნენ და სცემდნენ მომიტინგეებს.
Human Rights Watch-ის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეების ცემასა და ძალადობაზე.
„პოლიცია ასევე აწამებდა მათ და არასათანადოდ ეპყრობოდა პოლიციის ფურგონებსა და პოლიციის განყოფილებებში“, – აცხადებს Human Rights Watch.
Human Rights Watch-ის განცხადებით, მათი წარმომადგენლები ესაუბრნენ პოლიციის ძალადობის შედეგად გადარჩენილ ათეულ ადამიანს, რომლებმაც უთხრეს, რომ მათ მიიღეს თავის დაზიანებები – ტვინის შერყევა და მრავლობითი მოტეხილობა ცხვირის, სახის ძვლების, ნეკნებისა და კიდურების არეში, ასევე ნაკაწრები და სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე.
ამასთან, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ პოლიციასა და სპეცრაზმელებს სახე შავი ნიღბებით ჰქონდათ დაფარული და არ ჰქონდათ იდენტიფიცირებადი ნიშნები.
ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლებამ ასობით დემონსტრანტს ბრალი წაუყენა პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის და გაასამართლა ისინი არასრულყოფილ სასამართლო პროცესებზე, თუმცა ვერ გადადგა ქმედითი ნაბიჯები არასათანადო მოპყრობის სერიოზული ბრალდებების მოსაგვარებლად.
„ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არის შოკისმომგვრელი, აშკარად რეპრესიული და არღვევს საქართველოს შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს… პოლიციის მხრიდან მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბები და ხელისუფლების უუნარობა, რომ მათთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა, მეტყველებს იმაზე, რომ ძალადობა მათთვის ნებადართული იყო ან პასუხისმგებლობებისგან გათავისუფლებულები იყვნენ“, – განაცხადა ჰიუ უილიამსონმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა.
როგორც Human Rights Watch აცხადებს, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა, პროტესტი ძირითადად მშვიდობიანი იყო.
„ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მთავრობამ საპროტესტო აქციებს უპასუხა დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და ზოგჯერ რეზინის ტყვიებით, რათა განმეორებით დაეშალა ძირითადად მშვიდობიანი შეკრება. მიუხედავად იმისა, რომ იყო სპორადული და იზოლირებული შემთხვევები, როდესაც მომიტინგეებმა პოლიციისკენ მიმართეს წყლის ბოთლები და ფეიერვერკები პოლიციის ძალადობის საპასუხოდ, პროტესტი ძირითადად მშვიდობიანი იყო“, – აცხადებს Human Rights Watch.
Human Rights Watch-ის განცხადებაში მოყვანილია პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებულების კომენტარები, რომლებზეც საპოლიციო ძალებმა იძალადეს.
ორგანიზაციის განცხადებაში ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ სპეცრაზმმა, ისევე როგორც ძალადობრივი ჯგუფებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, ასევე სცემეს ოპოზიციურ მედიასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და ხელს უშლიდნენ მედიას საქმიანობაში.
Human Rights Watch ხაზს უსვამს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც ევალება სამართალდამცავი ორგანოების დარღვევების გამოძიებას, დაიწყო გამოძიება „ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებზე“, მაგრამ ბრალი არავისთვის წაუყენებია.
„იმავდროულად საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მედლებით დააჯილდოებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებს, რომლებსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობისთვის. ამ თანამდებობის პირების დაჯილდოება, სანამ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, აჩვენებს უპატივცემულობას იმ ვალდებულების მიმართ, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროთ ძალადობისთვის“, – აცხადებს Human Rights Watch.
Human Rights Watch აღნიშნავს, რომ საქართველო ადამიანის უფლებათა მრავალს ხელშეკრულებასაა შეერთებული, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციას, რომელიც მთავრობას აკისრებს ვალდებულებებს, პატივი სცეს შეკრების თავისუფლების უფლებას და ნებისმიერ შემთხვევაში თავი შეიკავოს აკრძალული არასათანადო მოპყრობისგან.
„მთავრობას ასევე აქვს ვალდებულება გამოიძიოს და გამოასწოროს აღნიშნული ვალდებულებების დარღვევა. საქართველოს აქვს მსგავსი ვალდებულებები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით.
საქართველოს წინააღმდეგ თავის ბოლო განჩინებაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიმეორა, რომ ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, როდესაც ხელისუფლება იყენებს ნიღბიან პოლიციელებს, მათ „უნდა მოეთხოვოთ თვალსაჩინოდ გამოაჩინონ გარკვეული საიდენტიფიკაციო ნიშნები, როგორიცაა ორდერის ნომერი“, – ნათქვამია Human Rights Watch-ის განცხადებაში.
Human Rights Watch-ის განცხადებით, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს და დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ცემის, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება.
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, ამგვარმა გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, არამედ პასუხისმგებლობა ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის.
Human Rights Watch-ის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი გამოძიება ს შემდგომ ძალადობის შესახებ.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა, ვინც მხოლოდ შეკრების უფლების მშვიდობიანი განხორციელებისთვის არის დაკავებული. უნდა იყოს გათვალისწინებული უნდა იყოს პასუხისმგებლობა გატეხილ ძვლებისა და სხვა დაზიანებებისთვის, რომლებიც პოლიციამ განზრახ მიაყენა ამდენ
ადამიანს“, – აცხადებს ჰიუ უილიამსონი.