ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია

ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ შეხვედრები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ტოივო კლაართან, ჯიჰან სულთანოღლუსთან (გაერო-ს წარმომადგენელი) და ზიგფრიდ ვებერთან (ეუთო-ს წარმომადგენელი) გამართა.
„კონსულტაციების ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლების საკითხებსა და თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ძირითად ასპექტად ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე საქართველოს მიერ ხელმოწერის საკითხი რჩება.
შეხვედრის მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის დღის წესრიგის განხილვა იყო, რომელიც 4-5 აპრილს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ