ევროკავშირისა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებმა ზოგიერთი სექტორის, მათ შორის ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიის 15%-იანი საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლება ვერ უზრუნველყო.
ევროპელი ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებლები იმედოვნებდნენ, რომ ახალ საბაჟო გადასახადს თავს აარიდებდნენ. თუმცა, საბოლოოდ, აშშ-ის ბაზარზე შესვლისას ამ სექტორსაც მოუწევს 15%-იანი ტარიფის გადახდა. ეს მძიმე დარტყმაა ინდუსტრიისთვის, რომელმაც 2024 წელს აშშ-ში 4 მილიარდი ევროს ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები გაიტანა. ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიორთა ფედერაციის შეფასებით, ახალი გადასახადი ექსპორტის ღირებულების მეოთხედის, ანუ დაახლოებით 1 მილიარდი ევროს ზარალს გამოიწვევს.
ზოგიერთი პროდუქტი განსაკუთრებით მძიმედ განიცდის ზეწოლას. მაგალითად, შამპანურის მწარმოებლები აშშ-ში წელიწადში 30 მილიონ ბოთლს ყიდიან, რაც მთლიანი მოცულობის 10%-ს შეადგენს. ამ სექტორში სადაც 600,000 ადამიანია დასაქმებული, ყველა თანხმდება, რომ ინდუსტრია საფრთხის ქვეშაა. „ეს ძალიან ცუდი ამბავია, უდიდესი იმედგაცრუებაა“, — განაცხადა ფლორან მორილონმა, კონიაკის პროფესიონალთა ეროვნული ბიუროს (BNIC) პრეზიდენტმა, „ფრანსინფოსთან” ინტერვიუში.
„ეს, რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს ჩვენი კონიაკის აპელასიონისთვის და ზოგადად ყველა ფრანგული ვენახისთვის, რომელსაც ეს გადასახადი შეეხება“, — აღნიშნა მორილონმა. აშშ მოცულობის მიხედვით ფრანგული კონიაკის მთავარი საექსპორტო ბაზარია. 2024 წელს ევროკავშირმა აშშ-ში 8 მილიარდი ევროს ღირებულების სპირტიანი სასმელები გაიტანა, მათ შორის 5 მილიარდი ევროს ღვინო. „ამ მომენტისთვის ჩვენი ბიზნესის 70% იბეგრება“, — აღნიშნა BNIC-ის პრეზიდენტმა.
ამერიკული ბაზრისთვის მთავარი შედეგი ფასების საშუალოდ 30 პროცენტიანი ზრდა იქნება. „40-დოლარიანი ბოთლი 50 დოლარზე მეტი ეღირება, რაც მომხმარებლისთვის აუტანელი იქნება“, — ამტკიცებს მორილონი, რომელიც ამავდროულად Hennessy-ის (LVMH-ის საკუთრებაში მყოფი ღვინის რეალიზატორი) ურთიერთობებისა და ინსტიტუციური საკითხების დირექტორია. „რეგიონში 70,000-ზე მეტი პირდაპირი და ირიბი სამუშაო ადგილია დაზარალებული, არაფერი რომ არ ვთქვათ კონიაკის რეგიონის 4,000 ვენახზე“, — განაცხადა მან.
გადასახადისგან გათავისუფლებას ვერც ღვინის სექტორმა მიაღწია. „ეს საკმაოდ სამწუხაროა და შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის არაეფექტიანობას უსვამს ხაზს. ეს მხოლოდ იმედგაცრუება არაა, ეს ეფექტიანობის ნაკლებობის მანიშნებელია“, — განაცხადა დავიდ ჟაგლმა, Ribeauvillé-ის ღვინის ქარხნის მენეჯერმა.
„ვინაიდან აშშ-ში ჩვენი საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენიმე თვის განმავლობაში მოლაპარაკებები გვქონდა ადგილობრივ მოთამაშეებთან. ახლა ეს მძიმე დარტყმა უფრო ევროკავშირის არაეფექტიანობით გამოწვეული იმედგაცრუებაა, ვიდრე თავად გადასახადის შედეგებით“, — აღნიშნა ჟაგლმა, თუმცა დასძინა, რომ ისინი ამისთვის მზად იყვნენ. საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ანი ჟენევარმა შეთანხმება გააკრიტიკა და მას „დაუბალანსებელი“ უწოდა.
1tv.ge
