„ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით, დაიწყო მუშაობა ევროკომისიის 2024 წლის გაფართოების ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე“ – ირაკლი კობახიძის ანგარიში
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელსაც ის პარლამენტს 27 ივნისს წარუდგენს, ნათქვამია, რომ ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ეფექტიანი კოორდინაციისთვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ვალდებულებებს განსაზღვრავს.
მოხსენების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, ევროპის ქვეყნებთან განხორციელდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები.
„ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით, დაიწყო მუშაობა ევროკომისიის 2024 წლის გაფართოების ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე. კერძოდ, მიმდინარეობს სამეწარმეო სამართლის სფეროში არსებული ორი დირექტივისა (აქციონერთა გრძელვადიანი ჩართულობის ხელშეწყობის შესახებ და სამეწარმეო სამართალში ციფრული ინსტრუმენტებისა და პროცესების დანერგვის შესახებ) და შიდა ბაზარზე მომსახურებების შესახებ დირექტივის შესწავლა, მათი საქართველოს კანონმდებლობაში შემდგომი ტრანსპოზიციის მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით.
ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ეფექტიანი კოორდინაციისთვის შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ვალდებულებებს.
შექმნილია სამართლებრივი დაახლოების ელექტრონული ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომია სახელმწიფო უწყებებისთვის და მოიცავს 600-ზე მეტ დასაახლოებელ აქტს ასოცირების შეთანხმებისა და სხვა ხელშეკრულებების ფარგლებში. ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მაჩვენებელი 50%-ს აღემატება.
ჰარმონიზებული ქართული ნორმების ევროკავშირის სამართალთან შესაბამისად გამოყენების ხელშეწყობის, ასევე სამართლებრივი განჭვრეტადობის გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს ამ ნორმებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების ეტაპობრივად ასახვა. ამ ეტაპზე, ხელმისაწვდომია 10-ამდე გადაწყვეტილების ამონარიდი”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში საუბარია ნატო-ზე, ამავე დოკუმენტში აღინიშნება, რომ საანგარიშო პერიოდში, გაიმართა ნატოს 75-ე წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო სამიტი. „საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
შემუშავდა საქართველოს 2024 წლის რიგით მე-16 წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) თვითშეფასების დოკუმენტი და გაიგზავნა ნატოს შტაბ-ბინაში.
ასევე შემუშავდა 2023-2024 წ.წ. ნატო-საქართველოს ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამის (ITPP) შეფასების დოკუმენტი და გაიგზავნა ნატოს შტაბ-ბინაში. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით ჩაერთო ნატოს აღნიშნულ პროგრამაში.
საანგარიშო პერიოდში, ევროპის ქვეყნებთან განხორციელდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები. კერძოდ, საქართველოს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, ეწვია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებისას გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. დამატებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ორჯერ ესტუმრა უნგრეთს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიწურულს და ასევე − მარტში, როდესაც სიტყვით გამოვიდა ამბასადორიალზე. შედგა მინისტრის ვიზიტი ლუქსემბურგში და ასევე განხორციელდა მინისტრის სამუშაო ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრა ფედერალურ მინისტრთან. საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით, ესწრებოდა ვატიკანში, რომის პაპის − ფრანცისკეს დაკრძალვისა და ახლადარჩეული პაპის − ლეონ XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონიებს.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განახორციელა ვიზიტები გაერთიანებულ სამეფოში (2024 წლის 18 ივლისი), უნგრეთსა (2024 წლის 7 ნოემბერი) და ალბანეთში (2025 წლის 16 მაისი), ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტებში მონაწილეობის მისაღებად.
ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გამოყენებულ იქნა ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ფართო სპექტრის განხილვის მიზნით. კერძოდ, გაიმართა კონსულტაციები ნიდერლანდებთან, სლოვაკეთთან, სერბეთთან, მალტასთან, იტალიასთან; ამასთან, შედგა მინისტრის მოადგილის სამუშაო ვიზიტები უნგრეთსა და ლატვიაში.
აქტიურად გაგრძელდა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმების გამოყენება ევროპელ ლიდერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვის მიზნით.
დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან გაზრდილი ჩართულობის შემდგომი მკაფიო გამოხატულება იყო 2025 წელს სერბეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის თაობაზე.
საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა ვიზიტები და ორმხრივი შეხვედრები აშშ-ის მიმართულებით:
2024 წლის 10 − 13 ივლისს საქართველოს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, ეზრა ზეია;
2024 წლის 9 − 11 აგვისტოს თბილისს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული და ორპალატიანი საპარლამენტო დელეგაცია, დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი კონგრესმენის, მაიკ ტერნერის შემადგენლობით;
2025 წლის 22 აპრილს ვაშინგტონში გაიხსნა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ციკლი, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს ეწვია საქართველოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით. დელეგაციამ შეხვედრები გამართა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან: პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით − აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილეს. მოგვიანებით, ასევე გაიმართა ვიცე-პრემიერის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის მოადგილესთან, სილვია სავიჩთან. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე გაიმართა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორთან ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში − ენდრიუ პიკთან.
2024 წლის შეერთებული შტატების კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში (Consolidated Appropriation’s Act FY24), ზედიზედ მერვედ, კვლავ დაფიქსირებულია საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თაობაზე. კანონი ასევე ითვალისწინებს დაფინანსებას საქართველოს ყოველწლიური დახმარებისთვის.
2024 წლის 23 დეკემბერს ძალაში შევიდა აშშ-ის 2025 წლის თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნული აქტი − NDAA FY25. კანონის საბოლოო ვარიანტში, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი მოხვდა შეჯერებული ტექსტის განმარტებით ნაწილში.
მნიშვნელოვანია საქართველოსა და კანადას შორის ურთიერთობების მიმდინარე დინამიკის შენარჩუნება და გაღრმავება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში (მათ შორის, ერთობლივი წვრთნებისა და სამხედრო განათლების გაგრძელების კუთხით). საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი ვიზიტები:
2024 წლის 12 ივნისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა კანადის გლობალურ საქმეთა სამინისტროს არქტიკის, ევრაზიისა და ევროპულ საქმეთა გენერალური დირექტორი, რობერტ სინკლერი;
2024 წლის 31 ოქტომბერი-1 ნოემბრის პერიოდში, საქართველომ (ადგილსამყოფელ ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობის დონეზე) მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, სახელწოდებით − Ministerial Conference on the Human Dimension of Ukraine’s Peace Formula და მიუერთდა კონფერენციის ერთობლივ კომუნიკეს;
2025 წლის 11 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრმა კანადელი კოლეგის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ქალი საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფის (WFMG) შეხვედრაში“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ მოხსენებაში.
