ეს ინფორმაცია ზვიად ცეცხლაძის მიერ დაფუძნებულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ, „დაფიონმა“ გაავრცელა ფეისბუკზე.
რას სწერს საელჩო ცეცხლაძეს
„ევროკავშირის დელეგაცია, პარტნიორ საელჩოებთან ერთად, ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს“, – სწერს ევროკავშირის წარმომადგენლობა ზვიად ცეცხლაძეს.
„როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებით, როგორც რეპრესიების იარაღით დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ“, – ვკითხულობთ წერილში.
ამავე წერილში გამეორებულია მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი, „გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი“.
საელჩო ცეცხლაძეს სწერს უვიზო მიმოსვლის შესახებაც:
„ასევე, გმადლობთ, რომ გაგვიზიარეთ თქვენი შეშფოთება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები მიღწევაა. ბოლო ანგარიშში მოცემული ვიზის შეჩერების მექანიზმის რეკომენდაციებთან შესაბამისობა შეფასდება ევროპის კომისიის მომდევნო ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდება წლის ბოლომდე“.
წერილს ხელს აწერს ევროკავშირის ელჩის მოადგილე ზანე რუნგულე.
კობახიძე: საელჩო „მხარს უჭერს რევოლუციის მცდელობებს“
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის საელჩოს წერილზე კომენტირებისას ჟურნალისტებთან საუბრისას ბლოკი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა „რევოლუციის მხარდაჭერაში“.
„ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე, ტრაგიკულამდე მისული მდგომარეობა. პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს. ეს უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა მან.
„ბოლომდე კონკრეტულად ელჩსაც ვერ დავადანაშაულებთ ამაში. ვიცით, რომ ეს არ არის კონკრეტულად მისი გადაწყვეტილება. არის ასეთი მძიმე მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
· ამასთან, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა: „ევროკავშირის ელჩი, რომელიც „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს არასდროს პასუხობს, დამნაშავეებს საპატიმროებში წერილებს უგზავნის“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრების მხრიდან არაერთი მწვავე განცხადებების შემდეგ, 2025 წლის 25 ივლისს ევროკავშირმა მხარდაჭერა გამოუცხადა ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის.
· ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოების ელჩები „ქართულ ოცნებას ძირითადად დემოკრატიული უკუსვლის, ადამიანის უფლებების დარღვევისა თუ ევროინტეგრაციასთან შეუსაბამო კანონების მიღებისთვის აკრიტიკებენ;
· ისინი გამოხატავენ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც თავისი უფლებების დაცვას, მათ შორის – ქუჩაშიც ცდილობს;
· საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლელ დიპლომატებს ქვეყნის შიდა ცხოვრებაში ჩარევაში ადანაშაულებს.
რას სწერდა ცეცხლაძე საელჩოს
წერილი, რომელიც ზვიად ცეცხლაძემ მიიღო, ევროკავშირის საელჩოდან საპასუხო წერილი იყო.
ზვიად ცეცხლაძემ 2025 წლსი აგვისტოში მიმართა ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის წერილით, რომელშიც სთხოვდა, დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, არ გაექმებინათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი და არ „გაეძევებინათ ევროსაბჭოდან“.
„გაახსენეთ, თუ რაოდენ ღირსეულად ეჭირა ქართველ ქალს ერთიანი ევროპის დროშა და გაახსენეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური საზოგადოების ერთადერთ ჭეშმარიტებად კვლავ რჩება სიტყვები – “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!“, – სწერდა ზვიად ცეცხლაძეს პაველ ჰერჩინსკის 2025 წლის აგვისტოში.
ზვიად ცეცხლაძე 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2 სექტემბერს მიუსაჯა ორ-ნახევარი წლით პატიმრობა.
ცეცხლაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას, სხვა ათობით დაპატიმრებული დემონსტრანტის მსგავსად, საზოგადოების ნაწილი სინდისის პატიმრად/პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებენ.
რა ელის უვიზო მიმოსვლას
20 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ რომ შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება „გარკვეულ ჯგუფებთან“ დაკავშირებით მიიღოს.
„[ევროპული] კომისია წელს, მოგვიანებით წარადგენს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს. ეს, – ნოემბერში ვიზების შესახებ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად, – გვაძლევს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის“, – განაცხადა მან.
ფორუმი
