23 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, რომლის დღის წესრიგში არის საქართველოს საკითხიც.
საბჭოზე, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გაუძღვება, განსახილველი მთავარი საკითხია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. სხდომის ამ ნაწილის დაწყებამდე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ არაოფიციალურ მსჯელობას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰასთან.
საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ჩინეთსა და ევროპის უსაფრთხოებაზე. მთავარ საკითხთა შორისაა ვითარება შუა აღმოსავლეთსა და ლიბიაში. გაიმართება მსჯელობა ისრაელის მიერ ირანზე შეტევასა და ირანის საპასუხო დარტყმებზე.
საქართველოს შესახებ საბჭოს მონაწილეებისთვის მომზადებულ ინფორმაციაში კვლავ მეორდება, რომ „თუკი საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს შეცვალოს მოქმედების ახლანდელი კურსი, ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გზას გაწევრიანებისკენ“.
20 ივნისს გაიმართება საგარეო საქმეთა საბჭოს მოსამზადებელი ბრიფინგი ჰიბრიდულ ფორმატში და მასზე შეკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება დისტანციურადაც.
ფორუმი
