ევროკავშირის საბჭომ გაერთიანების ტერიტორიაზე რუსული პროპაგანდისტული რუპორების – „Риа Новости“-ის, „Известия“-ის, „Голос Европы“-ის და „Российская газета“-ს მაუწყებლობა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას consilium-ი ავრცელებს.
ევროკავშირმა იმ მედიასაშუალების მაუწყებლობა აკრძალა , რომლებიც ბრალდებულნი არიან პრო-კრემლის პროპაგანდის გავრცელებაში და უკრაინის მეზობელი ქვეყნების „დესტაბილიზაციაში“.
„რუსეთის ფედერაცია ჩაერთო მედიისა და ინფორმაციის მანიპულირების სისტემატურ, საერთაშორისო კამპანიაში (…), რათა გაამართლოს და მხარი დაუჭიროს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან აგრესიას და გააძლიეროს მისი მეზობელი ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დესტაბილიზაციის სტრატეგია,“ – ნათქვამია განცხადებაში.