ევროკავშირის რომელი ქვეყნები იღებენ ყველაზე მეტ მოთხოვნას თავშესაფარზე?(forbs.ge)

გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის პირველადი მიმართვიანობის მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა და 912,000 განაცხადი შეადგინა. EU-ს წევრ ქვეყანას თავშესაფრის მისაღებად 2024 წელს ყველაზე ხშირად სირიიდან წამოსული ლტოლვილები მიმართავდნენ, საერთო ჯამში 148,000 მოთხოვნით, რაც მთლიანი რაოდენობის 16%-ია.
Eurostat-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში საცხოვრებლის მისაღებად მაღალი იყო მიმართვიანობა ვენესუელის მოქალაქეების მხრიდან – 73,000 განაცხადი, მესამე ყველაზე დიდ ჯგუფს კი, გასულ წელს, ავღანელები შეადგენდნენ – 72,000 განაცხადი. თავშესაფრის მომთხოვნი პირებიდან 36,000 მშობლის გარეშე მყოფი არასრულწლოვანი იყო, უმეტესობა სირიიდან (32%), ავღანეთიდან (16%) და ეგვიპტიდან (8%).
თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში წარდგენილი განაცხადებიდან თითქმის მეოთხედი გერმანიაზე მოდიოდა. პირველადი მიმართვიანობის რაოდენობამ გერმანიისთვის 230,000-მდე განაცხადი შეადგინა, რიგით მეორე იყო ესპანეთი – 164,000 განაცხადი. შემდეგ მოდის იტალია (17%), საფრანგეთი (14%) და საბერძნეთი (8%). ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან თავშესაფარზე ყველაზე ნაკლები განაცხადი (25) უნგრეთმა მიიღო.
მოსახლეობის ზომასთან შედარებით, აპლიკაციების ყველაზე დიდი რაოდენობა კვიპროსზე მოდიოდა – ყოველ 1,000 ადამიანზე 7.2 პირველადი განაცხადით. ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში ყოველ 1,000 პირზე აპლიკაციების საშუალო რაოდენობა 2-ს უტოლდებოდა. ყოველ 1,000 ადამიანზე თავშესაფრის მიმართვიანობით, კვიპროსს გასულ წელს საბერძნეთი მოსდევდა (6.6), შემდეგ იყო ესპანეთი (3.4) და ლუქსემბურგი (3.2).
ევროკავშირის წევრმა რომელმა ქვეყნებმა მიიღეს ყველაზე მეტი განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წელს:
· გერმანია – 229,750 განაცხადი
· ესპანეთი – 164,034 განაცხადი
· იტალია – 151,120 განაცხადი
· საფრანგეთი – 130,950 განაცხადი
· საბერძნეთი – 68,995 განაცხადი
· ბელგია – 33,095 განაცხადი
· ნიდერლანდები – 32,000 განაცხადი
· ავსტრია – 21,835 განაცხადი
· პოლონეთი – 15,445 განაცხადი
· ბულგარეთი – 12,030 განაცხადი
წყარო: forbs.ge