ევროკავშირის პროგრამები წარმოების ზრდასა და ახალ ბაზრებზე გასვლაში დაგვეხმარა – „იას მეღვინეობა“

ევროკავშირის პროგრამებს საქართველოში რამდენიმე ასეული მეწარმე ბენეფიციარი ჰყავს. მათი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით არაერთმა მეწარმემ შეძლო წარმოების ზრდა და სარეალიზაციო ბაზრების გაფართოება.
„იას საოჯახო მეღვინეობა დავაფუძნე 2018 წელს და 2020 წელს გამოვჩნდით ბაზარზე. ამ პერიოდის განმავლობაში იმისათვის, რომ წარმოება გაგვეზარდა და შემოგვეტანა თანამედროვე ტექნოლოგიები ამისთვის არაერთ საგრანტო კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. აქედან მოგვეცა საშუალება მიგვეღო ფინანსური დახმარება, რამაც წარმოების გაზრდის საშუალება მოგვცა და ტრადიციული ქვევრის ღვინიდან გადავედით ასევე ევროპული ტიპის ღვინოების წარმოებაზე და გავზარდეთ ჩვენი ტექნიკური აღჭურვილობა მარანში.
ეს იყო დახმარება ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამების. ამასთან პროდუქციის რეალიზაციის ნაწილში ჩვენ ხშირად ვმონაწილეობთ FAO-ს აგროგამოფენებში, ამაშიც ძალიან გვეხმარებიან, რომ გავიცნოთ მომხმარებლები, გავიდეთ ახალ ბაზრებზე.
ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი პროდუქცია გარდა ადგილობრივი ბაზრისა, უკვე წარმოდგენილია ევროპაში, პოლონეთსა და გერმანიაში“,- განუცხადა BM.GE-ს „იას მეღვინეობის“ დამფუძნებელმა ია იმერლიშვილმა, რომელსაც საკუთარი მეღვინეობის პროდუქცია სადემონსტრაციოდ წარმოდგენილი ჰქონდა თბილისში, ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.