ევროკავშირის პრესსპიკერი – ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით

ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით , – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გახლეჩის შემომტანი ნარატივებით ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ არგებს, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ გმობს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ს წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს და აცხადებს, რომ ელჩს ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია.
“ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით. ბოლო განცხადებები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ თითქოსდა ევროკავშირი საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. “არატრადიციული ღრებულებების” თავს მოხვევას ცდილობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენენ.
ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გახლეჩის შემომტანი ნარატივებით ძირის გამოთხრა მხოლოდ იმათ არგებს, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.
მტკიცედ ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის [პაველ ჰერჩინსკის] წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ზრდაში. მას ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია. საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ წამაქეზებელ პერსონალურ თავდასხმებს, და ევროპული მომავლისკენ იმუშაონ საკუთარი მოსახლეობისთვის.
ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და სანდო პარტნიორია. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი თავის ურყევ მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ გამოხატავს ქართველ ხალხთან თავის ურყევ სოლიდარობასა და მზაობას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მათ გზაზე,” – ნათქვამია განცხადებაში.