„ევროკავშირის ნორმების ტრანსპოზიციისას, ჩვენ უბრალოდ არ ვიმეორებთ საკანონმდებლო ტექსტებს, არამედ ვაანალიზებთ მათ პოტენციურ გავლენას ბიზნესებზე, ციფრულ სტარტაპებსა და განვითარებად ბაზრებზე“ – ირაკლი ლექვინაძე
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე საერთაშორისო კონფერენციაზე – „კონკურენციის სამართალი და ციფრული პლატფორმების გავლენა ბაზარზე“ სიტყვით გამოვიდა.
უზბეკეთის რესპუბლიკის კონკურენციის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტის ორგანიზებით გამართული კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბაზრებზე არსებულ კონკურენტულ გარემოზე ციფრული პლატფორმების გავლენის შესახებ იმსჯელეს და ამ მიმართულებით შექმნილი გამოწვევები განიხილეს.
ირაკლი ლექვინაძემ პანელზე – „კონკურენციის სამართალი ციფრულ ბაზრებზე: საუკეთესო პრაქტიკის შეჯამება“ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დაუთმო იმ ფაქტს, რომ საქართველოს კანონმდებლობა კონკურენციის მიმართულებით, დაახლოებით, 75 %-ით შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, ხოლო „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი, დაახლოებით, 85%-ით არის თავსებადი წამყვან ევროპულ პრაქტიკასთან.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობა დაბალანსებული იყოს ეროვნულ ინტერესებთან.
„ევროკავშირის ნორმების ტრანსპოზიციისას, ჩვენ უბრალოდ არ ვიმეორებთ საკანონმდებლო ტექსტებს, არამედ ვაანალიზებთ მათ პოტენციურ გავლენას ბიზნესებზე, ციფრულ სტარტაპებსა და განვითარებად ბაზრებზე. ჩვენ ვატარებთ კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან და ეტაპობრივად ვნერგავთ ახალ წესებს, რათა ბიზნესს შესაბამისად ადაპტირების შესაძლებლობა ჰქონდეს,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში გაიმართა, 15-მდე ქვეყნის კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას GCCA ავრცელებს
