ევროკავშირის მოსახლეობის 79%-ისთვის ევრო მომგებიანია

ევროს, როგორც ევროკავშირის ერთიანი ვალუტის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა კვლავ ძლიერია. კერძოდ, გამოკითხული რესპონდენტების 79% მიიჩნევს, რომ ევრო ევროკავშირისთვის მომგებიანია, რაც 2024 წლის გამოკითხვის შედეგებს შეესაბამება. რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ 70%, ასევე, მიიჩნევს, რომ ეს მომგებიანია მათი ქვეყნისთვისაც.
ამის შესახებ ევროკავშირის საზოგადოებრივი აზრის კვლევის სააგენტო Eurobarometer-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში წერია.
ევროზონის რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ევრომ მოგზაურობა უფრო მარტივი და იაფი გახადა. ათიდან, დაახლოებით, რვა რესპონდენტი აცხადებს, რომ ევრომ ევროზონის ქვეყნებში, მათ შორის, ონლაინ-შოპინგის დროს ფასების შედარება გაამარტივა.
ამასთან, კვლევამ აღდგენისა და მდგრადობის ფონდის მხარდაჭერის მაღალი დონე აჩვენა, რომელიც ევროკომისიის პოსტპანდემიური პროგრამის, NextGenerationEU-ს ფუნდამენტური ინსტრუმენტია და რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების აღდგენისა და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა, ასევე, მწვანე ეკონომიკასა და ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლისთვის მომზადებაა.
გამოკითხულთა 67%-მა მხარი დაუჭირა აღდგენის გეგმის იდეას, რომელიც ყველა წევრ სახელმწიფოს „იმ პირობით მოიცავს, რომ ისინი გარემოსდაცვით, ციფრულ და სოციალურ ინვესტიციებსა და რეფორმებს განახორციელებენ.“
გამოკითხვამ, ასევე, გამოავლინა საზოგადოებრივი აზრი ევროს მონეტებთან და ბანკნოტებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე. კერძოდ, გამოკითხულთა 61%-მა 1 და 2-ცენტიანი მონეტების გაუქმებას მხარი დაუჭირა, რაც „მხარდაჭერის მაღალი და სტაბილური დონეა.“
www.bpn.ge